კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

  • სექტემბერი 13, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად:

1. თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია – ლინგვისტიკის დარგში (3000 ლარი)
2. ევგენი ხარაძის სახელობის პრემია – ფიზიკისა და ასტროფიზიკის დარგში (3000 ლარი)
3. შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია – ფილოსოფიის დარგში (3000 ლარი)
4. გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია – ქიმიური ტექნოლოგიების დარგში (3000 ლარი)
5. ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია – ბოტანიკის დარგში (3000 ლარი)
6. ლეონარდ დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია – კულტურულ მცენარეთა გენეტიკისა და სელექციის დარგში (3000 ლარი)
7. ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია – ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში (3000 ლარი)
8. კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია – სამშენებლო მექანიკის დარგში (3000 ლარი)
9. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია – გეოგრაფიის დარგში (3000 ლარი)

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი, რომელიც საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ პირთა მიერ არის
შესრულებული.
კოლექტიურ ნაშრომში პრემია მიეცემა იმ ავტორებს, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევს წარმომდგენი ორგანიზაცია.
პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვებელია.
პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ექვსი თვისა განცხადების გამოქვეყნებამდე.
ნაშრომი, რომელსაც ადრე მიენიჭა სახელმწიფო პრემია ან რომელიმე სხვა სამეცნიერო პრემია, ამ კონსკურსში არ მიიღება.
ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.

იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრემიის მოსაპოვებლად წამოაყენებენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.
კონკურსში მონაწილემ საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;
ბ) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ დახასიათებას, მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის; (ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზოგადოებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ).
გ) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად სამეცნიერო შრომათა და გამოგონებათა ნუსხა;
დ) წარმომდგენის დასტური იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.
ე) საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია.

მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ. N 52, ოთახი 320.
დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 2-99-00-52

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია