აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა
- სექტემბერი 28, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ქრისტოფერ ჰანსონს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა შეაჯამეს 20-წლიანი ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული
რეფორმები და მიღწეული პროგრესი.
სოლომონ პავლიაშვილმა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რის შედეგადაც საქართველოში დაფუძნდა მარეგულირებელი ორგანო, გაუმჯობესდა ბირთვული უსაფრთხოება ისევე, როგორც არსებული ინფრასტრუქტურა და სპეციალისტების კვალიფიკაცია. ხაზგასმით აღინიშნა, თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის წარმატება. საერთაშორისო ვალდებულებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად მიღებული 15-ზე მეტი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირდა გარემოსა და მოსახლეობის დაცვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნული პროცესის მნიშვნელოვანი გაგრძელებაა საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წელს მიღებული კანონი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“.
აკადემიკოსმა აღნიშნა არაერთი საერთაშორისო მისიის ანგარიში, სადაც პროგრესად შეფასდა ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. აშშ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ საქართველო მოიხსენია, როგორც ლიდერი სახელმწიფო რეგიონში რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში. ხაზგასმით აღინიშნა უმოკლეს ვადაში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობა და შედეგების მდგრადობა. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს მიმდინარე გამოწვევები და არსებული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. აშშ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ გამოთქვა ქვეყნის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.