საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
- ოქტომბერი 3, 2023
მიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე და „ილიას ფონდის“ გამგეობის წევრები – ზურაბ ჩხაიძე, ივანე ამირხანაშვილი და უჩა შერაზადიშვილი ესტუმრნენ. ღონისძიებას, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ გახსნა, აკადემიის პრეზიდიუმის წევრები ესწრებოდნენ.
როგორც ბატონმა ანდრო ბედუკაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, „ილიას ფონდი“ 1998 წელს დაფუძნდა და იგი ილია ჭავჭავაძის იდეების პროპაგანდას, მის პოპულარიზაციას და განსაკუთრებული ხალხის წარმოჩენას ემსახურება. მისი ერთ-ერთი მისია ეროვნული ღირსებით დაჯილდოებული ადამიანების პატივისმიგებაა. აღინიშნა, რომ სწორედ როინ მეტრეველის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის დროს, მისი ძალისხმევით გადარჩა თითქმის დანგრევის პირას მისული ილიას სახლ-მუზეუმი და ფონდ „ქართუს“ მიერ მოხდა შენობის რესტავრაცია.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით და საქართველოს ისტორიის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის, უმნიშვნელოვანესი საზოგადო მოღვაწეობისათვის, ილია ჭავჭავაძის „დიდი მედლით“ (ოქროს მედალი შექმნილია მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ) აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიკოსი როინ მეტრეველი დაჯილდოვდა.
როგორც ბატონმა როინმა აღნიშნა, ეს მისთვის უდიდესი დაფასებაა და ერთად უნდა გავწიოთ ჭაპანი ილიას სადიდებლად.