კავკასიის ისტორია – ორტომეულის წარდგენა
- ოქტომბერი 23, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, „კავკასიის ისტორიის“ ორტომეულის წარდგენა გაიმართა.
მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით მომზადებული და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოცემული „კავკასიის ისტორია“ მოიცავს ორ ტომს და ამგვარი სრული გამოცემა პირველად ქვეყნდება. ავტორთა კოლექტივი აერთიანებს აკადემიკოს როინ მეტრეველს, პროფესორებს: ვალერი ვაშაკიძეს, გიორგი ჭეიშვილს, ჯონი კვიციანს, ლელა მიქიაშვილს, ვახტანგ გურულს, ოთარ ჯანელიძეს და ალექსანდრე დაუშვილს.
წიგნის სარედაქციო კოლეგიაში შესულები არიან: ვახტანგ გურული, ალექსანდრე დაუშვილი, ჯონი კვიციანი, ბუბა კუდავა და ეთერ ბაიდოშვილი. ნაშრომი იხსნება აკადემიკოს როინ მეტრეველის წინათქმით „კავკასია – ცივილიზაციის უძველესი კერა“. მასში განხილულია კავკასიის როლი და ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა უძველესი დროიდან დღემდე; მისი მნიშვნელობა ცივილიზაციის პროცესებში, გაანალიზებულია უმთავრესი მიზნის – მშვიდობიანი კავკასიის მიღწევის შესაძლებლობები და ა. შ.
ნაშრომში წარმოჩენილია ის დიდი გზა, რომელიც კავკასიის ქვეყნებმა და ხალხებმა გაიარეს – ადრინდელი, პროტოფეოდალური, ფეოდალური შუღლისა და დაქუცმაცების ხანა, უცხოელთა ბატონობა, ცარიზმის კოლონიური ჩაგვრისა და საბჭოთა იმპერიის სირთულეები. კავკასიის ქვეყნების ტრადიციები, პოლიტიკური ვითარება და დიპლომატიური ურთიერთობები; ეროვნული, რელიგიური, სოციალური თუ კულტურული სიჭრელე და სწრაფვა შიდა კავკასიური მშვიდობის მოგვარებისათვის.
კავკასია, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის უძველესი კერა და ბუნებრივი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, უდიდეს როლს ასრულებდა ხალხთა დაახლოებასა და ურთიერთგაგებაში. მუდამ უმნიშვნელოვანესი რეგიონი იყო, უნიკალური გეოპოლიტიკური, გეოკულტურული თუ ეკონომიკური მდგომარეობით.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად შეიქმნა ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი, სადაც კავკასიის ხალხთა ისტორია სრულად არის წარმოდგენილი. მონოგრაფიაში კავკასიის ისტორიის პრაქტიკულად არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი განხილვის გარეშე არ არის დარჩენილი. ეს კი ადასტურებს იმას, რომ ქართული საისტორიო მეცნიერება გამდიდრდა კიდევ ერთი ღირსეული და მეტად საჭირო ნაშრომით.