სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა
- ოქტომბერი 23, 2023
მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა თემაზე: „პათოლოგანატომიური სამსახური საქართველოში“; მომხსენებლები იყვნენ: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიმა ბერიაშვილი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ ემერიტუს პროფესორი რამაზ ჩიხლაძე.
მომხსენებლებმა ისაუბრეს პათოლოგანატომიური სამსახურის არსებული მდგომარეობის, ანალიზისა და გავითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ თბილისის მერიის პროექტის C/Can (City Cancer Challenge) ფარგლებში პათოლოგანატომთა გუნდის მიერ შემუშავდა და 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პროტოკოლებში დამტკიცდა რიგი დოკუმენტები. საქართველოში, პათოლოგანატომიურ სამსახურში უკანასკნელი წლების განვამავლობაში აღინიშნება დადებითი ტენდენცია; დაინერგა მოლეკულური დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები, მომზადდა პათოლოგანატომთა ახალი კადრები; განვითარდა ბიოფსიური და ოპერაციული მასალის ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა. თუმცა, ამ დარგში რიგი პრობლემებიც არსებობს. სწორედ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად მოცემულია რიგი რეკომენდაციები, რომლებსაც აქვე წარმოგიდგენთ:
პათოლოგანატომიური სამსახურის განვითარების პერსპექტივები:
რეკომენდაციები
- გვამის პათოლოგანატომიური გამოკვლევისთვის ჩამოყალიბდეს ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფო სტრუქტურა;
- გადაიხედოს და დამტკიცდეს პათოლოგიურანატომიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი დებულებები, ინსტრუქციები და დოკუმენტაციის ფორმები:
– სტაციონარულ-პროფილაქტიკურ დაწესებულებებსა და ბინაზე მომკვდარ ავადმყოფთა გვამების გაკვეთის წესის შესახებ დებულება;
– მკვდრადშობილთა და პერინატალურ პერიოდში მომკვდარ ახალშობილთა გვამების გაკვეთის წესის შესახებ დებულება ;
– განსაკუთრებით საშიში ინფექციური ავადმყოფობებით გარდაცვლილთა გვამების გაკვეთის წესის შესახებ დებულება;
– კლინიკურ-პათოლოგიურანატომიური კონფერენციების ორგანიზების და ჩატარების წესის შესახებ დებულება;
– გაკვეთის ოქმის ფორმა.
- სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების მუშაობის შეფასების ერთ-ერთ პირობად განისაზღვროს ბიოფსიური, ოპერაციული და სექციური მასალის ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები;
- სიცოცხლინდელი ბიოფსიური და ოპერაციული მასალის გამოკვლევისთვის ხელი შეეწყოს კერძო ლაბორატორიების მუშაობას, გარე ხარისხის კონტროლის შესაბამისი სისტემის ამოქმედებითა და მოთხოვნით;
- ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული გადამზადების პროგრამების მომზადება, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა: დიაგნოზის ფორმირება, თანატოგენეზი, ძირითადი დაავადება, თანმხლები, გართულება, სიკვდილის უშუალო მიზეზი ;
- ახალგაზრდა კადრის მოზიდვა და განვითარების ხელშეწყობა:
- სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები, სადაც გამოვლინდება და წახალისდება პათოლოგიური ანატომიით დაინტერესებული სტუდენტი;
- ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erazmus + და სხვ.),
- ახალგაზრდების ჩართულობა პროექტებსა და გრანტებში.
- კლინიკური რეზიდენტურა – მზადება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო დაფინანსებით.
სადღეისოდ, მზადება კლინიკურ რეზიდენტურაში ფასიანია, მიუხედავად იმისა, რომ
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №215 2019 წლის 1 მაისი, დანართი №1 -ის მიხედვით, პათოლოგიური ანატომია (კლინიკური პათოლოგია) შედის პრიორიტეტული საექიმო სპეციალობების ნუსხაში, რომლებშიც მზადება დაფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
- აუცილებელია ჩამოყალიბდეს მინიმუმ 1 წლიანი გადამზადების, ე.წ. fellowship – კურსები ქვესპეციალობაში, რისთვისაც მიზანშეწონილია ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნას შესაბამისი “FELLOWSHIP GRANT”-ის სისტემა, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა სპეციალისტებს სტაჟირება გაიარონ უცხოეთის პროფილურ, ვიწროსპეციალიზებულ ლაბორატორიებში.
- სტომატოლოგებს უნდა მიეცეთ კლინიკურ რეზიდენტურაში პათოლოგიური ანატომია (კლინიკური პათოლოგია) მომზადების უფლება;
- ვეტერინარებს უნდა მიეცეთ დიპლომისშემდგომი მომზადების უფლება დარგში „პათოლოგიური ანატომია (კლინიკური პათოლოგია)“ ;
- პათოლოგანატომებს უნდა განესაზღვროთ ფიქსირებული ხელფასი.