მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა
- ნოემბერი 2, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი შატილის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
მოხსენება „შატილის არქიტექტურული კომპლექსი: მდგომარეობა და პერსპექტივები“ გააკეთა ინჟინერმა ვაჟა ჭინჭარაულმა, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში, ვინაიდან თავად არის შატილის მკვიდრი და თვითონვე იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი შატილის კოშკების რესტავრაციისა, რომელიც ათწლეულების წინ განხორციელდა.
სხდომას ესწრებოდნენ კომისიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდნენ: კ. არაბული, მზ. ჭინჭარაული, ჯ. დავლიანიძე, გ. გოგოჭური, გ. ცოფურიშვილი, ე. შონია, ა. არაბული, მ. ფირცხელანი და სხვ. მსჯელობა შეეხო როგორც შატილის, ისე ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძეგლების მდგომარეობას მთასა თუ ბარში, უკვე შესრულებულსა თუ მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებს.
ფაქტობრივი მონაცემები და მათი კვალიფიციური ანალიზი თვალნათლივ წარმოაჩენს იმ საგანგაშო მდგომარეობას, რაც ამ დროისათვის შექმნილია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ისეთ უნიკალურ ძეგლთან დაკავშირებით, როგორიც შატილის არქტექტურული კომპლექსია. პრობლემა კომპლექსურია და ის უკავშირდება, ერთი მხრივ, ბოლო რესტავრაციის შემდგომ წლებში ბუნებრივი პროცესების ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებს, ხოლო მეორე მხრივ, იმ საყოფაცხოვრებო ღონისძიებებს (წყალგაყვანილობა, კანალიზაცია…), რომელთაც მაცხოვრებლები კოშკების ექსპლუატაციის დროს მიმართავენ.
საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომამ გამოთქვა იმედი, რომ შესაბამისი უწყებები საჭირო ზომებს მიმართავენ შატილის კოშკების რეაბილიტაციისათვის და მიიღო რეზოლუცია-მიმართვა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელზე.