ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- ნოემბერი 3, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმთან არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გია ქაჯაიას წიგნი – „ეკოლოგია: ჩვენი დროის პრობლემები“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორის კახა გორგაძის მოხსენება თემაზე – „რადონით დასხივება და ფილტვის კიბო“.
სხდომა გახსნა აკადემიკოსმა ვლადიმერ ციციშვილმა.
წიგნში აღწერილია ბიოსფეროს უარყოფითი ცვლილება ბოლო საუკუნის განმავლობაში, გაშუქებულია ანთროპოგენური ეკოლოგიური ფაქტორის წარმოშობისა და განვითარების პირობები; ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ლითოსფეროს თანამედროვე მდგომარეობა.
რაც შეეხება მოხსენებას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რადონი იწვევს ფილტვის კიბოთი დაავადებას და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მაღალ ციფრებს აღწევს, რაც მას ფილტვის კიბოს მეორე ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად აქცევს თამბაქოს მოხმარების შემდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) რადონი დაასახელა ფილტვის კიბოს გამომწვევ კანცეროგენულ ნივთიერებად. რადონი ბუნებრივი, რადიოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად გვხვდება ნიადაგში ან კლდეში. რადონის რადიაქტიული დაშლის შედეგად მიღებული შვილობილი პროდუქტები სხეულში სასუნთქი გზებით ხვდება. სხეულში შეღწევისას ეს რადიოაქტიური ელემენტები ასხივებენ α-ნაწილაკებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ფილტვის ქსოვილზე, რაც ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად იწვევს ფილტვის კიბოს. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა პირველად გამოავლინა მაღალი კორელაცია ფილტვის კიბოს სიხშირესა და რადონის შვილობილი ელემენტების ზემოქმედებას შორის ევროპაში მაღაროელებში. ამის შემდეგ დაიწყეს რადონის ზემოქმედებისა და ფილტვის კიბოს შემთხვევების შესახებ მონაცემების და კვლევების შეგროვება. ბევრმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა ფილტვის კიბოს რისკის თანაფარდობის ზრდა, როდესაც სახლის შიგნით რადონის კონცენტრაცია მაღალია.
ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა ორგანიზებული იყო კომისიის სწავლული მდივნის მიხეილ გოგებაშვილის მიერ.
კომისიის მიერ წარმოდგენილმა საკითხებმა დამსწრეთა მოწონება გამოიწვია და ინფორმაცია მიღებულ იქნა ცნობად.