აკადემიკოს რამაზ ქაცარავას მორიგი წარმატება
- ნოემბერი 25, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოსმა რამაზ ქაცარავამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საერთაშორისოდ აღიარებული პატენტი: „ამინომჟავის პოლიმერების და ბიოლოგიურად აქტიური აგენტის შემცველი შემადგენლობა და მისი მომზადების მეთოდი“ (N. Tawil, ECR Arnold, R. Katsarava, D. Tugushi, V. Beridze, Composition comprising amino acid polymers and a bioactive agent and method of preparing thereof. U.S. Patent No. 11,564,894 (2023).
აკადემიკოსი რამაზ ქაცარავა ამავდროულად არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. იგი არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტი ბიოსამედიცინო პოლიმერების დარგში; მას აქვს 490-ზე მეტი პუბლიკაცია, 18 საერთაშორისო პატენტი (16 აშშ, 2 ჩინეთის), 6 PCT განაცხადი, 12 ქართული პატენტი და 30 სსრკ პატენტი (საავტორო მოწმობა) – სულ 66 გამოგონება.
რამაზ ქაცარავა არის პოლიმერების სინთეზის ახალი პოლიკონდენსაციური მეთოდების დამფუძნებელი, ბიოდეგრადირებადი ამინომჟავური პოლიმერების – ბიომიმეტიკების – ახალი ოჯახის ე.წ. ფსევდოპროტეინების შემქმნელი. რამდენიმე ფსევდოპროტეინი, ბიოსამედიცინო მასალების სახით უკვე დანერგილია პრაქტიკაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აკადემიკოს რამაზ ქაცარავას ხელმძღვანელობით დაცულია 35 სადოქტორო და 30 სამაგისტრო დისერტაცია. მას 1998-1999 წლებში მიენიჭა ჯორჯ სოროსის პროფესორის წოდება, 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2007 წელს კი მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების (WIPO) ოქროს მედლით. 2017 წელს პროფესორ ქაცარავას მიენიჭა ”წლის საუკეთესო ქართველი
მეცნიერი”-ს წოდება (საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი), 2018 წელს დაჯილდოვდა სვანტე არენიუსის საერთაშორისო პრიზით ფსევდოპროტეინების შექმნისათვის. 2021 წელს ავტორთა ჯგუფს (რ.ქაცარავა, დ.ტუღუში, ვ.ბერიძე) მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების დარგში ნაშრომთა ციკლსათვის ”პოლიმერული ბიომიმეტიკები – ცილების ანალოგები მრავალპროფილიანი გამოყენებისათვის – დიზაინიდან კომერციალიზაციამდე”. რამაზ ქაცარავა არის მრავალი საერთაშორისო საზოგადოების და წამყვანი ჟურნალების რედკოლეგიების წევრი.