ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ნოემბერი 25, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ჯგუფი.
მოხსენების თემა გახლდათ – ,,შავშთა, კლარჯთა და ტაოელთა შენახული ენისა და კულტურის კომპლექსური კვლევის შედეგები“, მომხსენებელი – პროფესორი მამია ფაღავა. თანამომხსენებლები იყვნენ პროფესორები: მალხაზ ჩოხარაძე, ზაზა შაშიკაძე, ჯემალ კარალიძე, რამაზ ხალვაში, ნუგზარ მგელაძე და მაია ბარამიძე.
მომხსენებლებმა ისაუბრეს 1995-2023 წლებში ჭოროხის ,,ქვეყნებში“ – აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, – ისტორიულ ლაზეთსა და თურქეთის პროვინციებში გაშენებულ ქართველ მუჰაჯირთა დასახლებებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე და პერსპექტივებზე.
კერძოდ, პროფესორმა მამია ფაღავამ აღნიშნა, რომ 1994 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ,,ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევის სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორია“, რომლის მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა ისტორიული სამხრეთ საქართველოს, ჭოროხის აუზის, ისტორიული ლაზეთის და თურქეთის ქვეყანაში ქართველ მუჰაჯირთა დასახლებების კვლევა. 1995 წელს ლაბორატორიამ მოაწყო პირველი კომპლექსური ექსპედიცია ტაოში, რომელმაც ჩაიწერა ფოლკლორული და დიალექტოლოგიური მასალები, მოინახულა ტაოს მატერიალური კულტურის ძეგლები. 2000 წლიდან უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მემედ აბაშიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ახლა ქართველოლოგიის ცენტრი (ხელმძღვანელი პროფესორი მამია ფაღავა). ცენტრთან ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი კომპლექსური ექსპედიცია და სამეცნიერო სემინარი, დაარსდა პერიოდული გამოცემა ,,კრებული“ (რედაქტორი, პროფესორი მამია ფაღავა), დღემდე გამოიცა 13 წიგნი.
დაარსებიდან დღემდე ცენტრმა მოაწყო 40-ზე მეტი დიდი და მცირე ექსსპედიცია ჭოროხის ,,ქვეყნებში“, მუჰაჯირთა დასახლებებში და ლაზეთში. შეკრიბა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა ფოლკლორული, დიალექტოლოგიური, ეთნოლოგიური და ონომასტიკური მასალები; განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი: შავშეთი (2008-2010), კლარჯეთი (2013-2016), მუჰაჯირობის (გადასახლების) ისტორია და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში (2012-2016), ტაო (2016-2019), სარფი (2014-2015), მარადიდი (2016-2019). თითოეული პროექტი შეჯამდა მრავალპლანიანი მონოგრაფიით, კერძოდ: შავშეთი (2011), კლარჯეთი (2016), ტაო (2020), სარფი (2015), მარადიდი (2020), ,,ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში, წიგნი პირველი, მაჭახლელი მუჰაჯირები’’ (2017).
მონოგრაფიისათვის ,,კლარჯეთი“ ავტორებს 2017 წელს მიენიჭათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის პრემია.
ქართველოლოგიის ცენტრში მუშავდება პროექტი ,,ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი“ (ხელმძღვანელი პროფესორი ნუგზარ მგელაძე), გამოიცა პირველი წიგნი, – „აჭარა“ (2018).
მნიშვნელოვანია ასევე კიდევ ერთი გამოცემა: ,,აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები“ (ოსმალური დავთრები ქართულად თარგმნეს, კომენტარები და გამოკვლევა დაურთეს პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ და თსუ ასოცირებულმა პროფესორმა მირიან მახარაძემ, ბათუმი, 2011 წელი).
ქართველოლოგიის ცენტრში მომზადდა და დაიბეჭდა 17 მონოგრაფია, ცენტრის სპეციალისტებმა ქართულ და უცხოურ გამოცემებში დაბეჭდეს რამდენიმე ასეული სამეცნიერო სტატია, წაიკითხეს მოხსენებები ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე.
ქართველოლოგიის ცენტრის კვლევის შედეგები შეიძლება მოკლედ ასე შეჯამდეს:
– ჭოროხის აუზი არის ერთიანი კულტურული სივრცე, სადაც ისტორიულად რამდენიმე მხარე ჩამოყალიბდა: აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო და სპერი.
– ჭოროხის ქვეყნების მკვიდრთა მეტყველებას სამხრულ მეტყველებას ვუწოდებთ, რომელიც რამდენიმე დიალექტად იყოფა: აჭარული, შავშური (მაჭახლურითურთ), კლარჯული და ტაოური.
ჭოროხის აუზში გავრცელებული ქართული ენის ქვესისტემები ერთმანეთთან ახლოს მდგომი დიალექტებია (გულისხმობენ საერთო ფონეტიკურ და გრამატიკულ გარდაქმნებს, ბევრი აქვთ საერთო ლექსიკაშიც), ამიტომაც ქართული ენის დიალექტთა ამ ჯგუფს სამხრულ კილოებს უწოდებენ (ქართულ ენათმეცნიერებაში არის განსხვავებული შეხედულებაც).
მუჰაჯირთა შთამომავლების მეტყველება დამატებითი სანდო მასალაა სამხრული კილოების შესასწავლად, მნიშვნელოვანია იგი ისტორიული დიალექტოლოგიისთვისაც.
– ჭოროხის ქვეყნები მოფენილია ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებით, რაც ქართველი კაცის სულიერი მოღვაწეობის დასტურია.
– ჭოროხის ქვეყნებში, მიუხედავად დავიწყების მცდელობისა, ჯერაც ახსოვთ ქართული გეოგრაფიული სახელები, მკვეთრი ნაკვალევი ქართველი კაცისა, რაც დასტურია იმისა, რომ შავშეთი, კლარჯეთი, ტაო (განსაკუთრებით), სპერი ქართული ქვეყნებია. თუმცა აქაურ მიწას ატყვია სხვა ტომთა ნაკვალევიც, რაც ისტორიული ვითარების ანარეკლია.
– ქართულია ჭოროხისხეობელთა ეთნოლოგიური ყოფა: დასახლების ტიპი, ტრადიციული მეურნეობა, საცხოვრებელი სახლი, სხვაც მრავალი ამის დასტურია.
– ჭოროხის ხეობაში ჯერაც გადარჩენილია ქართული ხალხური სიტყვიერება: თქმულებები, მითოლოგიური გადმოცემები, ლექს-სიმღერები, ანდაზები, რაც ქართული ფოლკლორის სამხრული შენაკადია.
ქართველოლოგიის ცენტრი ემზადება ახალი პროექტის, ,,სპერი – ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა“ – განსახორციელებლად.
სხდომის დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსები: ელიზბარ ჯაველიძე, რამაზ ხუროძე, ავთანდილ არაბული, ლია მელიქიშვილი, მინდია უგრეხელიძე და პროფესორი მარიკა ჯიქია.