ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- დეკემბერი 11, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტიანობის დეპარტამენტის პროფესორ ნოდარ ქევხიშვილის მოხსენება – „რეგენერაციული თერმოდინამიკური ციკლების თბური ეფექტიანობის ანალიზი“.
სხდომა გახსნა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, მოწვეული სტუმრები და დარგის სპეციალისტები.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ეკოლოგიური და ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტის კუთხით ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს რეგენერაციული ციკლით მომუშავე თბური ძრავების ბაზაზე ენერგოგარდამქმნელი სისტემების დამუშავება და დანერგვა. რეგენერაციული თერმოდინამიკური ციკლების დიდი რაოდენობიდან შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე, რომლებსაც გააჩნიათ ყველაზე მაღალი თბური ეფექტიანობა, რომელიც უტოლდება კარნოს იდეალური ციკლის მარგი ქმედების კოეფიციენტს. ასეთი მაღალი ეფექტიანობის ციკლებს მიეკუთვნება სტირლინგის და ერიკსონის ციკლები.
რეგენერაციულ თერმოდინამიკურ ციკლებს მიეკუთვნება აგრეთვე რეილისის ციკლი. მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ რეილისის ციკლის კიდევ ერთი კერძო შემთხვევა ორი პროცესით ემთხვევა სტირლინგის ციკლს (იზოქორული და იზოთერმული პროცესები) და ასევე ორი პროცესით ერიკსონის ციკლს (იზობარული და იზოთერმული პროცესები). შესაბამისად ასეთ ციკლს შეიძლება პირობითად ვუწოდოთ ერიკსონ-სტირლინგის ფსევდო ციკლი.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ანალიზი გვიჩვენებს, რომ ერიკსონ-სტირლინგის ფსევდო ციკლის მ.ქ.კ. გარკვეულ ტემპერატურულ დიაპაზონში უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა, ვიდრე კარნოს ციკლი. აღსანიშნავია ისიც, რომ განსხვავებით კარნოს თეორიული ციკლისგან, ამ უკანასკნელის განხორციელება რეალურ თბურ ძრავებში სავსებით შესაძლებელია, რაც იძლევა იმის პერსპექტივას, რომ ასეთი ძრავები გამოყენებული იქნეს განახლებადი და ტრადიციული თბური ენერგიის მექანიკურ ენერგიად გარდაქმნისათვის.
მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მომხსენებელმა უპასუხა კითხვებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კვლევები კვლავ გაგრძელდება. შემაჯამებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.