საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
- დეკემბერი 19, 2023
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ქალაქ ყვარლის მოსახლეობის უსაფრთხოება
წყალდიდობებისა და ღვარცოფებისაგან“
2023 წლის 8 – 10 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაციამ ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრმა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 2022 – 2023 წ.წ. “მონაწილეობის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები“ მეორე ეტაპის რიგით პირველი – ღონისძიება თემაზე – ,,ქალაქ ყვარლის მოსახლეობის უსაფრთხოება წყალდიდობებისა და ღვარცოფებისაგან“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ქინძმარაულის ღვინის ქარხნის, კინოსტუდია „ქართული ფილმის“, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცებისა და ინდმეწარმეების წარმომადგენლები, ქ. ყვარლის მერი ბატონი გივი ზაუტაშვილი, ამავე მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე გიგაური, ქ. ყვარლის მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ადგილობრივი მოსახლეობა.
განხორციელდა პროფესიული და კულტურული ექსკურსიები – მდ. დურუჯის ღვარცოფული ტიპის კალაპოტში, კუდიგორის წყალსაცავზე და ქინძმარაულის მევენახეობის ტერიტორიაზე, ასევე შედგა შემაჯამებელი შეხვედრა – მრგვალი მაგიდა.