ვინფრიდ ბოედერი
- დეკემბერი 25, 2023
გარდაიცვალა გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგი, აღიარებული ენათმეცნიერი, საქართველოსა და ქართველების დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, ოლდენბურგის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2002), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (2009), ბატონი ვინფრიდ ბოედერი.
ვინფრიდ ბოედერი დაიბადა 1937 წელს. ენათმეცნიერების საფუძვლებს ეუფლებოდა ფრაიბურგისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში. 1967 წელს გახდა ჰამბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. სწორედ ამ წლებში გამოიკვეთა ვინფრიდ ბოედერის, როგორც ქართველოლოგის, ბედი და არჩევანი. იგი ამ დროს შეხვდა ქართველ ემიგრანტს, ომში ტყვედ ჩავარდნილ ქართველს, ნიკოლოზ ჯანელიძეს და მასთან ურთიერთობამ საბოლოოდ განსაზღვრა ბატონი ვინფრიდის სამეცნიერო ინტერესების ძირითადი მიმართულება. მან ღრმად შეისწავლა არა მხოლოდ ძველი და ახალი ქართული, არამედ სხვა ქართველური ენებიც და ქართველოლოგია გაამდიდრა არაერთი პირველხარისხოვანი ნაშრომით.
საქართველო ვინფრიდ ბოედერისათვის, შეიძლება ითქვას, მეორე სამშობლოდ იქცა. იგი ქართველურ სამყაროს შეეთვისა არა მხოლოდ სამეცნიერო ინტერესებით, არამედ მენტალურადაც. სხვადასხვა დროს მისი მასპინძლები და მასწავლებლები თუ სამეცნიერო პარტნიორები იყვნენ აკაკი შანიძე, ალექსანდრე ღლონტი, ტოგო გუდავა, ალექსანდრე ონიანი, გურამ თოფურია, ზურაბ სარჯველაძე, შუქია აფრიდონიძე და სხვანი. თბილისში სტუმრობისას იგი განსაკუთრებულ სითბოს გრძნობდა ვარლამ და გურამ თოფურიებისა და შოთა და ვალერი გაფრინდაშვილების ოჯახებში…
მასპინძლობა და ოჯახური სითბო, შეიძლება ითქვას, ქართულს ტოლს არ უდებდა ოლდენბურგში, ბოედერების სახლში. ვინფრიდ და დორის ბოედერების ბინა რუდიგერ-შტრასეზე, შეიძლება ითქვას, ქართველთა და, უფრო ფართოდ, კავკასიელთა აკადემიური სასტუმრო იყო, სადაც კვირაობით შეეძლოთ ესარგებლათ ჩასულებს არა მხოლოდ ბინით, არამედ დაუზარელი კონსულტაციებითა და მეგზურობითაც. განუზომელი იყო ამ ოჯახის ქველმოქმედება მძიმე 90-იან წლებში, როდესაც ბევრ გაჭირვებულ კოლეგას საქართველოში თავის გადასარჩენად კონვერტითაც კი უგზავნიდნენ მაშინდელ გერმანულ ვალუტას. მეტიც, ბოედერები დღემდე ეხმარებიან ერთ-ერთ საბავშვო სახლს საქართველოში…
დიახ, მისი ერთგულება განსაცდელების დროს ყოველთვის ჩანდა. თუნდაც რად ღირს ის, რომ იგი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორიოდ თვეში, უმძიმეს პირობებში ჩამოვიდა იგი აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე და სრულიად განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით დაბრუნდა უკან, როდესაც საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ გადმოლახეს სამთო გზები, ჩაკეტილი საზღვრის მიუხედავად, ჩრდილოკავკასიელმა კოლეგებმა და ამით, კონგრესის სამეცნიერო მუშაობაში მონაწილეობის გარდა, მორალური თანადგომა გამოუცხადეს ჭრილობებმოუშუშებელ მოძმე ქართველ ხალხს.
ვინფრიდ ბოედერი გახლდათ უმაღლესი კლასის ლინგვისტი-მკვლევარი, ვისი ყოველი ახალი სამეცნიერო ძიებაც ეტაპის შემქმნელი იყო ქართველური ენობრივი სამყაროს შესწავლაში. მისი ნაშრომები ქართული დამწერლობის, ძველი ქართული განკვეთილობის ნიშნების, დაქარაგმების წესების, ძველი და ახალი ქართულის სტრუქტურული ბუნების, სინტაგმატიკის, სვანურის გრამატიკული წყობის, ხევსურულის სპეციფიკური ნაწილაკების, ანდაზების ენობრივი თავისებურებებისა და სხვათა შესახებ სამუდამოდ იმკვიდრებენ ადგილს ქართველოლოგიის უკვდავ საგანძურში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საბედნიეროდ, მეცნიერის სიცოცხლეშივე გამოსცა მისი (თანაავტორობით) ფუნდამენტური შრომა (ქართული ვერსია), რომლის გამოსვლასაც იგი ესოდენ მოუთმენლად ელოდებოდა.
ვინფრიდ ბოედერის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართველოლოგიის ისტორიაში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია