მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა
- დეკემბერი 25, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იყო მეტად საჭირბოროტო საკითხი – თუშეთისა და სვანეთის საავტომობილო გზების განვითარების შესახებ. მომხსენებელმა, კომისიის სწავლულმა მდივანმა, დოქტორმა მირონ ფირცხელანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთიანეთი ოდითგანვე ასაზრდოებდა და სურსათ-სანოვაგით ამარაგებდა ბარის მოსახლეობას, თუმცა მთის მთავარი დანიშნულება, მაინც გარეშე მტრისგან დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია იყო. ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი მხარეებია – თუშეთი და სვანეთი, რომელთაც საქართველოს მთის საზღვრების დაცვაში, ერთს აღმოსავლეთ და მეორეს – დასავლეთ საქართველოში „ლომის წილი“ მიუძღვით.
ამჟამად, კი საქმის ვითარება ისეთია, რომ უგზოობის გამო მთა უპერსპექტივო ხდება.
ტურიზმის თვალსაზრისით, როგორც თუშეთი, ისე სვანეთი მსოფლიო დაინტერესების ცენტრშია, თუმცაღა იქ ერთხელ მოხვედრილ ტურისტს მეორედ ჩასვლის სურვილი აღარ უჩნდება. ამ და კიდევ სხვა მიზეზთა გამო აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს სვანეთის და თუშეთის გზის საკითხი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისია ამ თემაზე უკვე ერთი წელია რაც მუშაობენ. სავალალო მდგომარეობაა წოვა-თუშეთის გზაზეც. საჭიროა ყოველივე ამაზე ერთხელ და სამუდამოდ დაფიქრება და საჭირო ზომების მიღება. ასევე, ქვეყნის ხელისუფლების წინაშე უნდა დაისვას ეს საჭირბოროტო საკითხი.
სხდომას ცნობილი მეცნიერები, კომისიის წევრები და თუშეთისა და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.