აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის ახალი გამოცემების წარდგინება
- დეკემბერი 25, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის ახალი გამოცემების: „საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“ და „საქართველოს ისტორიის ატლასი“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე; მთარგმნელი ლადო მირიანაშვილი) წარდგინება. ორივე წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. გამომსვლელთა შორის იყვნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი (დათუაშვილი), ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი დავით ჭეიშვილი, პროფესორები: ბუბა კუდავა, ვალერი ვაშაკიძე, ალექსანდრე დაუშვილი, კომპანია „გეოგრაფიკსის“ წარმომადგენელი თინა ჯანელიძე და სხვ.
გამოცემაში -„საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“ განხილულია ფეოდალური საქართველოს განვითარების გზები უძველესი დროიდან X საუკუნის ჩათვლით და სოციალური განვითარების პროცესები. რაც შეეხება „საქართველოს ისტორიის ატლასს“, მასში მოხვდა საქართველოს ტერიტორიის ისტორიულ-გეოგრაფიული შესწავლის შედეგად შექმნილი რუკები.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული გამოცემების წარდგენა დაემთხვა აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის საიუბილეო თარიღს, მის 95 წლის იუბილეს.