ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- დეკემბერი 29, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა მოხსენება: ,,აგრობიოლოგიური მეცნიერების კომერციალიზაციის პერსპექტივები’’, მომხსენებლები გახლდნენ: აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე დიდებულიძე.
მოხსენებაში განხილული იყო აგრობიოლოგიური მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომერციალიზაციის საკითხები, რომლებიც ეხება გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებულ კულტურულ მცენარეთა ახალ ჯიშებს, რომლებიც შეიცავენ მავნე მწერების, ვირუსების, სოკოების, ბაქტერიების, ჰერბიციდების მიმართ მდგრად გენებს; ასევე ისეთი მცენარეების მიღებას, რომლებიც მდგრადია გარემოს სტრესული ფაქტორებისადმი (წაყინვა, გვალვა, ჭარბი ტენიანობა, ნიადაგში მარილების მაღალი კონცენტრაცია და სხვა).
მოხსენებაში აღნიშნულ იქნა, რომ XX საუკუნის უმნიშვნელოვანესმა აღმოჩენებმა და მოლეკულური ბიოლოგიის სწრაფმა პროგრესმა განაპირობა ბიოტექნოლოგიის შემდგომი განვითარება და მისი ცალკე დარგად აღიარება. ბიოტექნოლოგია იყენებს სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც მოიცავს ცოცხალი ორგანიზმების გამოყენებას და მანიპულირებას კომერციული პროდუქტების მისაღებად, მ.შ., უჯრედებისა და ქსოვილების კულტურას, რეკომბინანტულ დნმ ტექნოლოგიას და სინთეზურ ბიოლოგიას. თანამედროვე ბიოტექნოლოგია მრავალი განვითარებული ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის პრიორიტეტს წარმოადგენს და გასაღების ბაზრებზე ბიოტექნოლოგიური პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა მათი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებაა; ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველოს აგრარული პროდუქციის ნეტო-ექსპორტერად ტრანსფორმაციის გზაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის დაბალი დონე, არადა კომერციალიზაციამ ამ კვლევების განმახორციელებელს დიდი მოგება შეიძლება მოუტანოს და, შესაბამისად, აამაღლოს ქვეყნის ინოვაციურობის დონე. აქ მასტიმულირებელ ფაქტორად მიიჩნევენ სპეციალურ სამთავრობო პროგრამებს, რომელთა მიზანია ბიოტექნოლოგიის ახალი მიმართულებების დაჩქარებული განვითარება.
სხდომა გახსნა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი – აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსები: რამაზ ქაცარავა, რამაზ ხეცურიანი, მიხეილ ჯიბუტი, ვლადიმერ ციციშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე გივი აბდუშელიშვილი, ცენტრის სწავლული მდივანი ნოდარ გრძელიშვილი, ცნობილი მეცნიერები, კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები.
მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრე საზოგადოების მრავალ შეკითხვას. მოხსენება შეაჯამა და აუდიტორიას მიმართა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.