აკადემიკოსი მზექალა შანიძე იუბილარია

აკადემიკოსი მზექალა შანიძე იუბილარია

  • იანვარი 16, 2024

გამოჩენილ ქართველ მეცნიერს,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს მზექალა შანიძეს 2024 წლის 16 იანვარს დაბადებიდან 98 წელი შეუსრულდა. იგი ქალაქ თბილისში ცნობილი ენათმეცნიერის, აკადემიკოს აკაკი შანიძის ოჯახში დაიბადა. მზექალა შანიძე 1943 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1945 წელს გამოეყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც სემიტური ენების ჯგუფში სწავლობდა.

1948 წ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მ. შანიძე გახდა აკადემიკოს გიორგი წერეთლის ასპირანტი სემიტური ენების სპეციალობით. ასპირანტურის ორი წელი გაატარა სანკტ-პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში), სადაც ცნობილი მეცნიერების ლექციებს ისმენდა. 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ფარინგალური ბგერების საკითხისათვის ძველ ებრაულ ენაში”, ხოლო 1974 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე – “ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები”, რომელიც 1979 წ. წიგნად გამოქვეყნდა.

მ. შანიძე 1952-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს შემდეგ სპეციალობებში: ძველი ებრაული ენა, სემიტურ ენათა შედარებითი გრამატიკა, ქართული ენა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია.

მ. შანიძემ 1953 წელს მუშაობა დაიწყო ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ილია აბულაძე, ჯერ უმცროს მეცნიერ, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1958-1968 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1968-2002 წწ. იყო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 2002-2006 წწ. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მთავარი კონსულტანტი; 1952-1958 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიისა და ძველი ქართული ენის კათედრების თანამშრომელი; მოგვიანებით კი დოცენტი (1958-1981); 1981-2006 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის პროფესორი, 1983 წლიდან დღემდე ლაბორატორია „ორიონის” ხელმძღვანელი; 2006 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის საბჭოს მრჩეველი; ემერიტუს პროფესორი 2012 წლიდან. არჩეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად 2016 წელს.

მ. შანიძე ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერების შესასწავლად სამჯერ (1996, 2002, 2009 წწ.) იმყოფებოდა წმ. ეკატერინეს მონასტერში სინას მთაზე და არის თანაავტორი (ზ. ალექსიძესთან, ლ. ხევსურიანთან და მ. ქავთარიასთან ერთად) სინის ახლადაღმოჩენილ ხელნაწერთა სამენოვანი კატალოგისა, რომელიც  ათენში 2005 წელს გამოქვეყნდა.

მისივე  ნათარგმნია კატალოგის მთლიანი ინგლისური ტექსტი. პროფესორი აქტიურ მონაწილეობას იღებდა შვეიცარიულ-ქართული პროექტის – იაკობის ჟამის წირვის ქართული თარგმანის უძველესი ტექსტის და ბელგიურ-ქართული პროექტის – გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების განხორციელებაში. მისი რედაქტორობით ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად აღიარებული აკაკი შანიძის „ხალხური პოეზია“ ხელმეორედ გამოიცა.

ქალბატონი მზექალა შანიძე არის თბილისის საპატიო მოქალაქე; მას მიღებული აქვს: ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი; შრომის ვეტერანის მედალი 1987 წ.; აკაკი შანიძის სახელობის პრემია 1990 წ.; ღირსების ორდენი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია 2010 წ.; შოთა რუსთაველის სახელობის პრემია 2013 წ.; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის გაეროს მიერ დაარსებული მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2017 წ.; ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო სიგელი 2018 წ.; ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ბრწყინვალების ორდენი 2019 წ.

მ. შანიძეს გამოქვეყნებული აქვს 200-მდე ნაშრომი ქართული მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტუალური კრიტიკის დარგში. ნაწილი მისი ნაშრომებისა გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ (საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში და სხვა).

ქალბატონ მზექალას 1953 წლიდან დღემდე არ გაუწყვეტია აქტიური კავშირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აღზარდა და გზა გაუკვალა უამრავ ახალგაზრდას. მან სტუდენტთა მრავალი თაობის განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მრავალწლიანი გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. მზექალა შანიძე მისი მამის – აკაკი შანიძის საქმის ღირსეული გამგრძელებელია და თავისი პროფესიის ამაგდარი  წარმომადგენელი.

გასული წლის 10 ნოემბერს, როდესაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ „იუნესკოს“ ეგიდით მეცნიერების მსოფლიო დღე აღნიშნა, ქალბატონმა მზექალამ ვიდეო-ჩანაწერით მიმართა ქართველ მეცნიერებს და აღნიშნა: „მეცნიერების პროგრესის გარეშე საზოგადოების განვითარება არ შეიძლება და თუ ჩვენ დღეს მეცნიერება მაღალ დონეზე გვაქვს, შესაბამისად ჩვენ შევძლებთ საზოგადოების წინაშე  წამოჭრილ მრავალ და ძალიან რთული პრობლემების გადაჭრას“.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მთელი გულით ულოცავს გამორჩეულ და გამოჩენილ მეცნიერს დაბადების დღეს, მხნეობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას უსურვებს.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია