საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“
- თებერვალი 5, 2024
2024 წლის 5-6 თებერვალს, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ მასპინძლობს. კონფერენცია, რომელშიც 6 ქვეყნიდან (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, თურქეთი, ბულგარეთი) 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით იმართება.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილებას ღებულობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები ჯაბა სამუშია, თინათინ სადუნიშვილი, გურამ ალექსიძე.
ხორბლის ქართული ენდემური სახეობების და ჯიშების დაცვასა და აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2018 წელს, „ქართული ხორბლის კულტურას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, დაწყებულია ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაში შეტანის სამუშაო პროცესები.