აკადემიკოს გივი გავარდაშვილის საერთაშორისო თანამშრომლობა
- თებერვალი 11, 2024
2024 წლის 8-26 იანვარს აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მიწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა ვარმია და მაზურის ოლშტინის (პოლონეთი) უნივერსიტეტის გეოინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებთან.
მეცნიერული ხელშეკრულება ითვალისწინებდა 60 საათი სალექციო კურსის ჩატარებას შემდეგი მიმართულებით – ,,ინოვაციური მეცნიერება სამოქალაქო და გარემოს დაცვის მშენებლობაში“ და ,,გარემოს დაცვის ინოვაციური სტრატეგიული საერთაშორისო მიმართულებები“, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობა კი ითვალისწინებდა საკურსო სამუშაოების განხორციელებას ინოვაციური გარემოსდამცავი კონსტრუქციების, კერძოდ სამიარუსიანი კომბინირებული დრენაჟის, ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის, თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციური კონსტრუქციის, მდინარის კალაპოტური ეროზიული პროცესების სტაბილიზაციისათვის ინოვაციური ნაგებობების და მთის ფერდობის წყლისმიერი ეროზიის მარეგულირებელი ბიო-საინჟინრო ღონისძიებების დაპროექტებისათვის მეცნიერული მეთოდოლოგიის დამუშავებას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ოფიციალური შეხვედრები: 2024 წლის 9 იანვარს გაიმართა შეხვედრა ვარმია და მაზურის ოლშტინის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან პროფესორ ჯერზი ჯარასზევსკისთან; შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამშრომლობას ევროკავშირის და ნატოს საგრანტო პროექტების მომზადებაში, ასევე Erasmus + ევროკავშირის პროექტში ვარმია და მაზურის ოლშტინისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების მომზადებას.
2024 წლის 11 იანვარს გაიმართა შეხვედრა ვარმია და მაზურის ოლშტინის უნივერსიტეტის გეოინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ დარიუზ პოპილარჩიკთან. საუბარი შეეხო 2024-2028 წწ. საერთაშორისო თანამშრომლობას გეოინჟინერინგის ფაკულტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს შორის. ასევე, პროფესორმა დარიუზ პოპილარჩიკმა თხოვნით მიმართა აკადემიკოს გივი გავარდაშვილს ფაკულტეტის სამეცნიერო სემინარზე გაეკეთებინა მოხსენება თემაზე – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მურნეობის ინსტიტუტის ინოვაციური კვლევები და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ინსტიტუტის მონაწილეობა“.
2024 წლის 16 იანვარს, ვარმია და მაზურის ოლშტინის უნივერსიტეტის გეოინჟინერინგის ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო სემინარი. მას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის პროფესორები, გეოდეზიისა და სამოქალაქო მშენებლობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი იაცეკ რაპინსკი, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და უნივერსიტეტის სამოქალაქო მშენებლობისა და გარემოს დაცვის ინჟინერინგის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.
2024 წლის 15 იანვარს აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მიერ განხორციელდა სამოქალაქო მშენებლობისა და გარემოს დაცვის ინჟინერინგის სპეციალობის 2 კურსის მაგისტრანტებისთვის საპროექტო დავალებების მიცემა, ხოლო პროექტების დაცვა განხორციელდა ერთი კვირის შემდეგ 2024 წლის 22 იანვარს.
2024 წლის 24 იანვარს გაიმართა ბოლო შეხვედრა ვარმია და მაზურის ოლშტინის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან პროფესორ ჯერზი ჯარასზევსკისთან, სადაც აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და 2024 წლის 13-18 ივლისს საქართველოში ოფიციალურად მოიწვია ვიცე-რექტორი მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე – ,,წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსების დღეს და ინსტიტუტის 99 წლის იუბილეს.