საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა
- მარტი 4, 2024
2024 წლის 29 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით: ,,ონისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების თანამედროვე ტენდენციები’’, წარსდგა ამავე კომისიის წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ნოდარ გრძელიშვილი. მომხსენებელმა ისაუბრა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ, ეკოლოგიურ პროცესებსა და გამოწვევებზე, ტურისტული და აგრარული სექტორის პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე. აღინიშნა, რომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომებს, მასში ჩართული უნდა იყოს, როგორც ქვეყნის ხელისუფლება, ასევე რეგიონები და მუნიციპალიტეტები, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნეს სექტორის აქტიურობა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მუნიციპალურ მომსახურებათა დივერსიფიკაციის გათვალისწინებით, საჭიროა განისაზღვროს მუნიციპალური სერვისების მინიმალური სახელმწიფო სტანდარტები და შემუშავდეს ჩარჩო პოლიტიკა და პროცედურები.
ბატონმა ნოდარმა ყურადღება გაამახვილა მთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე ევროპის ქვეყნებში, აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში მთიანი რეგიონების სტატუსი, მდგრადი განვითარების პირობები და მთის დაცვის საკითხები რეგულირდება სპეციალური კანონებით; მან ასევე, ისაუბრა მთიანი რეგიონების ფონდების და მათი განსაზღვრისათვის დადგენილი კრიტერიუმების შესახებ ევროპის ქვეყნებში.
მოხსენებამ, რომელსაც კომისიის წევრები, ცნობილი მეცნიერები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: როინ მეტრეველმა, გიორგი კვესიტაძემ, ავთანდილ არაბულმა, თამაზ შილაკაძემ; მთის კომისიის სწავლულმა მდივანმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა მირონ ფიცხელანმა; პროფესორებმა: გელა ყიფიანმა, კობა არაბულმა, მარინა ქურდაძემ; მწერალმა ჯემალ დავლიანიძემ და პუბლიცისტმა კობა არაბულმა. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა. სხდომა შეაჯამა და აუდიტორიას მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.