მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს
- მარტი 15, 2024
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მუშაობის 105 წლის იუბილეს მიეძღვნა სამეცნიერო ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. სხდომა, რომელიც 12 მარტს გაიმართა, ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების მიერ. ღონისძიება გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
,,ზუსტად 105 წლის წინათ, 1919 წლის 12 მარტს, მუშაობას შეუდგა ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, დამფუძნებელი კრება. მან ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კანონები შეიმუშავა და მიიღო, რომელთა შორის უმთავრესი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია გახლდათ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ეხმაურება ჩვენი ისტორიის ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და მართავს საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ერთობლივ სხდომას, რითაც ჩვენ პატივს მივაგებთ დამფუძნებელ კრებას და მის წევრებს. ჩვენ გვახსოვს მისი დეპუტატის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის ის სიტყვები, სადაც მან დამფუძნებელ კრებას ,,საქართველოს ცნობიერების გვირგვინი უწოდა“ – აღნიშნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა.
სხდომაზე მოხსენებით ,,საქართველოს დამფუძნებელი კრება და დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის საკითხები“ წარსდგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი პაატა სურგულაძე. მომხსენებელმა ისაუბრა პარლამენტარიზმის ტრადიციებზე საქართველოში, 1919 წლის თებერვალში ჩატარებულ დამფუძნებელი კრების არჩევნებზე. ყურადღება გაამახვილა, თუ რა მონაწილეობას იღებდა დამფუძნებელი კრება, დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში. „დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური ვექტორი ცალსახად პროევროპული იყო. საგარეო პოლიტიკური მიმართულებით კი, მისი მთავრობის უმთავრეს ამოცანას, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება წარმოადგენდა“ – აღნიშნა პაატა სურგულაძემ. პროფესორმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე და დაწვრილებით წარმოაჩინა საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მასში.
მოხსენებაში დასმული საკითხების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა: დიმიტრი შველიძემ, ოთარ ჯანელიძემ, ალექსანდრე დაუშვილმა, ზურაბ პაპასქირმა, ოთარ ჟორდანიამ. სხდომა შეაჯამა საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამფუძნებელი კრების დამსახურება ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მნიშვნელოვანია, რადგან ხსენებულ, ურთულეს პერიოდში მან მაღალი ევროპული დონის კონსტიტუციის შემუშავება და მიღება შეძლო.