სეისმური საშიშროებების ალბათური შეფასება საქართველოში: ისტორიის მიმოხილვა და მთავარი გამოწვევები
- მარტი 17, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის (თავმჯდომარე, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი) სხდომა, სადაც მოხსენებით – „სეისმური საშიშროებების ალბათური შეფასება საქართველოში: ისტორიის მიმოხილვა და მთავარი გამოწვევები“, წარდგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ნინო წერეთელი.
მოხსენებისას აღინიშნა, რომ სეისმური საშიშროების ალბათური შეფასება (სსაშ) რამდენიმე რეგიონულ და ეროვნულ პროექტში არაერთხელ იყო კვლევის საგანი. სხვადასხვა ავტორის მიერ თანამედროვე მიდგომებით მიღებული სსაშ ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგჯერ ეს განსხვავებები შეფასების ცდომილების ფარგლებშია, თუმცა, ზოგჯერ, განსხვავებები არსებითია. მკვლევრებმა გააანალიზეს არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებების ძირითადი მიზეზები, რათა დადგენილიყო, რამდენად მგრძნობიარეა სსაშ-ის შედეგები საწყისი მონაცემების მიმართ. ასევე განხილულ იქნა, თუ რა გავლენას ახდენს საბოლოო შედეგებზე გათვლის სხვადასხვა მეთოდი. აღმოჩდა, რომ საწყისი მონაცემები მთავარი გამოწვევაა და იგი ძირითადად პასუხისმგებელია შედეგების განსხვავებებზე. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში, ვინაიდან ზოგ ნაშრომში მიწისძვრების სრული კატალოგები ხელმისაწვდომი არ არის. ზოგჯერ ეს განსხვავებები გამოწვეულია შეფასების სხვადასხვა საფეხურზე სუბიექტური მიდგომებით (მაგალითად, სეისმოგენური წყაროს მოდელების შემუშავებისას). შედეგებზე გავლენას ახდენს სეისმური პარამეტრების შეფასების მეთოდებში განსხვავება, ასევე გრუნტის მოძრაობის პროგნოზული განტოლებების შერჩევა. გარდა ამისა, ეპისტემური ცდომილების შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ალტერნატიული მოდელების ლოგიკური ხის სტრუქტურაში ჩართვითა და მასთან დაკავშირებული წონების შემოღებით.
მოხსენებაში წარმოდგენილი გახლდათ ახალი (სსა) რუკები, რომლებიც 2021 წელს გაითვალა ეროვნულ დონეზე, განახლებულ, ჰარმონიზებულ მონაცემთა ბაზის საფუძველზე და გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
დამსწრე საზოგადოების მიერ მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. სხდომის დასასრულს, მომხსენებელმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.