აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- მარტი 21, 2024
საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დაფინანსების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ ევროპულ გამოცდილებაზე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოში მწვანე ეკონომიკის დანერგვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით ევროკავშირის დირექტივების შესრულებასა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე.
„ცირკულარულ ეკონომიკაში არაერთი გამოწვევაა; სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროექტის განხორციელება და მათში დონორების ჩართულობა, უმნიშვნელოვანესია. სამუშაო შეხვედრაზე ცირკულარული ეკონომიკის დაფინანსების პლატფორმის შექმნაზე ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ნარჩენების გადამმუშავებლებს მხარდაჭერა და წახალისება სჭირდებათ, ვინაიდან წრფივი ეკონომიკიდან მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა დიდ ძალისხმევას და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ეს არის რისკების შემცველი ეკონომიკა, ამიტომ მას გარკვეული მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.