ზღვის შელფიდან შემოდინებული ბუნებრივი გაზის მოპოვების ინოვაციური მეთოდი
- მარტი 22, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით, – ,,შავი ზღვის შელფიდან შემოდინებული ბუნებრივი გაზის მოპოვების ინოვაციური მეთოდი’’ წარდგნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი შოთა მესტვირიშვილი და სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი კობა კიკაბიძე. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ქართველ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა, აჭარაში შავი ზღვის შელფის ფსკერიდან ბუშტების სახით გამოჟონილი აირის ქიმიური შემადგენლობა და მისი გეოლოგიური წარმოშობა. ჰიდროაკუსტიკური მეთოდით ჩატარდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ფსკერიდან აირის რაოდენობრივი შემცველობის კვლევა. გამოჟონილი აირის 80% შედგებოდა მეთანისგან, 15% წყალბადისგან და მცირე ოდენობით ჰელიუმისგან. რაც შეეხება რაოდენობას, აირის გამოჟონვის აქტიურ 20 კმ2 ფართობზე აღმოჩნდა გამოჟონვის 409 წერტილი, რომელიც სამ კომპაქტურად განლაგებულ ზონაში იყო კონცენტრირებული. აირის ინტენსიური გამოჟონვის სიღრმე იყო 20-დან 80 მეტრი, ხოლო წლის განმავლობაში რაოდენობა შეადგენდა 400 მილონ მ3 აირს.
მოხსენებაში აღნიშნულ იქნა, რომ ამ კვლევით, საქართველოში გარემოსდაცვითი და ენერგეტიკული სექტორის ინოვაციური განვითარების მიმართულების ახალი ეტაპი იწყება. იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსთვის საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრულ 2030 წლის ნულოვანი ემისიის ქსელების პრობლემის გადაწყვეტაში, ატმოსფეროს მოკლევადიანი დამაბინძურებლის შესამცირებლად, მის ტექნოლოგიურ და ტექნიკურ პროექტირებაში, ენერგეტიკული სექტორის ბიზნეს მოდელის და ამ მიმართულებებით გრძელვადიანი ფორსაიტული სტრატეგიის შემუშავებაში.
მოხსენებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, ცნობილი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: რამაზ ხუროძემ, მიხეილ ჯიბუტმა, თამაზ ნატრიაშვილმა, რამაზ ქაცარავამ, რევაზ გაჩეჩილაძემ, ქართლოს ყაჭიაშვილმა, პროფესორებმა: გივი აბდუშელიშვილმა, ლალი ღოღელიანმა, გელა ყიფიანმა და ცენტრის სწავლულმა მდივანმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.
მოხსენებამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.