პოლონეთის ახალი ისტორიისა და ცენტრალური სამხედრო არქივის დოკუმენტები საქართველოსა და ქართველების შესახებ (1919-1939 წწ.)
- აპრილი 17, 2024
საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, 2024 წლის 15 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ევროპისა და ამერიკის არქივ-საცავებში დაცული საქართველოს ისტორიის და კულტურის ისტორიის მასალების სამეცნიერო შესწავლის მიმართულების სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენება – „პოლონეთის არქივების დოკუმენტები საქართველოსა და ქართველების შესახებ (1919-1939 წწ.)” წარმოადგინა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა მიხეილ ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პოლონეთის ახალი ისტორიისა და ცენტრალურ სამხედრო არქივში ინახება ძალიან საინტერესო დოკუმენტები, რომლებიც ეხება როგორც საქართველოს (დემოკრატიული რესპუბლიკა და საქართველოს სსრ), ასევე ქართულ ემიგრაციას და პოლონეთში იმხანად მყოფ ქართველ ოფიცრებს. ოფიცრებთან დაკავშირებით გარკვეული მასალები გამოქვეყნებულია, თუმცა კიდევ უფრო მეტია გამოსაკვლევი. მაგალითად, 1923 წელს ბიდგოშჩის სამხედრო სკოლაში ქართველ ოფიცერთათვის ჩატარებული გამოცდების საკითხი. რაც შეეხება საარქივო მასალებს საქართველოს შესახებ, ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
ზოგადად, პოლონეთის არქივებში დაცული ცნობები საქართველოსა და ქართველების შესახებ შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად. პირველი – დოკუმენტები, რომლებიც გამოაქვეყნეს პოლონელმა ისტორიკოსებმა. მათი უდიდესი ნაწილი უცნობია ქართული საზოგადოებისათვის, რადგან გამოცემულია პოლონურად. მეორე – დოკუმენტები, რომლებიც პოლონელ მეცნიერთათვის ცნობილია, მაგრამ მათთვის საინტერესო არ აღმოჩნდა და არაა გამოქვეყნებული. მესამე – დოკუმენტები, რომლებიც პოლონელი ისტორიკოსების ყურადღების მიღმა დარჩა. 2019, 2021 და 2023 წლებში პოლონეთის არქივებში მუშაობისას სწორედ ასეთ დოკუმენტებს მიექცათ დიდი ყურადღება.
ეს დოკუმენტები ეხება მრავალ საკითხს: საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ ვითარებას; საქართველოს ოკუპაციას; ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებას საქართველოში; ქართული ემიგრაციის კავშირებს პოლონეთის ხელისუფლებასთან; საქართველოს სსრ-ში არსებულ პოლიტიკურ, სოციალ-ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას და სხვ.
მოხსენებისას წარმოდგენილ იქნა რამდენიმე ახალი, აქამდე უცნობი დოკუმენტი, რამაც დამსწრე საზოგადოებას შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: რამაზ ხუროძემ, ლიანა მელიქიშვილმა, ისტორიკოსებმა: ალექსანდრე დაუშვილმა, პაატა სურგულაძემ, რუსუდან ლაბაძემ, ოთარ ჯანელიძემ, ვალერი ვაშაკიძემ, ლელა მიქიაშვილმა, ერეკლე შონიამ, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა მირონ ფირცხელანმა, ხელოვნებათმცოდნე ლია ბუაძემ, ჟურნალისტმა მაყვალა ბერიანიძემ და თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა დავით ჭეიშვილმა. სხდომა შეაჯამა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარემ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ.