აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მორიგი წარმატება
- მაისი 25, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის (CCNU) მიწვეული პროფესორის სტატუსით, 2024 წლის 8 ივნისიდან 23 ივნისამდე წაიკითხავს ლექციების კურსს ქალაქ უჰანში და ჩაატარებს სამეცნიერო სემინარებს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე.
აკადემიკოს გივი გავარდაშვილს, რომელიც CCNU-ში ლექციების კურსს 2006 წლიდან ატარებსბს, 2015 წელს მიენიჭა ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის სტატუსი. იგი აქტიურად თანამშრომლობს არა მარტო ამ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, არამედ 2013 წლიდან ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას მდინარე იანძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სხვადასხვა დანიშნულების ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
CCNU-ში ამჟამინდელი ვიზიტის ძირითადი მიზანი არის სალექციო კურსის -,,ინოვაციური მეცნიერება გარემოს დაცვასა და ბუნებრივი კატასტროფების რეგულირებაში“ ჩატარება, ასევე მთის ლანდშაფტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა საინჟინრო ინოვაციური კონსტრუქციებით. კერძოდ, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების, მათ შორის ტურისტული ინფრასტუქტურის უსაფრთხოება.
სალექციო კურსის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღწეული ინოვაციური მეცნიერული შედეგები; მხედველობაში მიიიღება: ინოვაცია, ლაბორატორიული მსხვილმასშტაბიანი მოდელირება, კონსტრუქციის დაპროექტებისათვის გაანგარიშების მეცნიერული მეთოდოლოგიის დამუშავება, დაპროექტება, ბუნებაში მისი განხორციელება და საველე-სამეცნიერო კვლევების ჩატარება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე, მდინარე იანძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მოხსენებით გამოსვლა, სადაც წარმოდგენილი იქნება 2023 წელს განხორციელებული საერთაშორისო პროექტი -,,ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი). პროექტი დაფინანსდა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) “მონაწილეობის პროგრამის” 2022 – 2023 წწ. ფარგლებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციები 2023 წელს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომებზე. სამეცნიერო გუნდის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ კარგი შეფასება დაიმსახურა აკადემიის პრეზიდიუმის წევრებსა და ქვეყნის საინჟინრო-ტექნიკურ დარგებში მოღვაწე მეცნიერთა შორის.