აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მეათე რეგიონული დიალოგი
- ივნისი 12, 2024
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მეათე რეგიონული დიალოგი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, კონსერვაციისთვის რესურსების მობილიზებაზე და ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიების განვითარებაზე 17 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა და ბიომრავალფეროვნების 70-მდე ექსპერტმა, აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მე-10 რეგიონულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე და ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოში ასეთი მასშტაბური ღონისძიების გამართვა ჩვენი ქვეყნის კონვენციებში აქტიური ჩართულობის და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების კარგვა უდიდესი გამოწვევაა. ამ დიალოგის მიზანია, ერთად გამოვნახოთ ბიომრავალფეროვნების დაცვის და დაფინასების გზები; გავუზიაროთ ერთმანეთს ტყეების აღდგენის, კონსერვაციის, ვენის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენების გამოცდილება”, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
ბიომრავალფეროვნების ფინანსურ ინიციატივას (BIOFIN) გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2012 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების ფინანსებში არსებული დეფიციტის აღმოფხვრა და რესურსების ეფექტიანი მობილიზებაა. ინიციატივას 41 ქვეყანა უჭერს მხარს, მათ შორის საქართველო, რომელიც BIOFIN-ის გლობალურ პარტნიორობას 2016 წელს შეუერთდა.