კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში
- ივნისი 25, 2024
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მიწვევით აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო და სამუზეუმო სფეროში სამინისტროს 2021-2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ქალბატონ თეას მასპინძლობდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა და აკადემიის წევრები. სხდომაზე დასწრებამდე ქალბატონმა თეამ საგანგებოდ დაათვალიერა აკადემიის სამომავლო საგამოფენო დარბაზის სივრცე, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შემდგომში ამ დარბაზში აკადემიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებისა თუ მისი წევრების მიღწევების აღმნიშვნელი ექსპონატები გამოიფინება. მოცემულ პროექტს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი უხელმძღვანელებს.
პრეზიდიუმის სხდომაზე მისასალმებელი სიტყვა თავდაპირველად აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა წარმოთქვა. მან სათანადოდ აღნიშნა, თუ რა სასიკეთო ძვრები მიმდინარეობს კულტურის სფეროში, რაც ძალიან მისასალმებელია. ბატონი როინის თქმით, მეცნიერებათა აკადემია საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველია და ამიტომაც მას მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. აკადემია ცხრა სამეცნიერო განყოფილებისგან შედგება და მისი საქმიანობის სფერო მეცნიერების ყველა დარგს მოიცავს.
როგორც შეხვედრისას ქალბატონმა თეამ აღნიშნა, იგი ჯერ კიდევ 12 წლის წინ იმყოფებოდა აკადემიაში, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის პრეზიდენტობის დროს. ხოლო, ამჟამინდელი ვიზიტის ძირითადი მიზანი მისი საქმიანობის ანგარიში და აკადემიასთან თანამშრომლობაა. კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პრიორიტეტი სამუზეუმო საქმიანობაა, დიდი ყურადღება ექცევა მუზეუმებს და საქმე ნამდვილად საამაყოა. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ოქროს ფონდი და სხვ. ყველა პროცესი, რაც ამ მუზეუმებს ეხებოდა ყოველგვარი დანაკლისის გარეშე განხორციელდა. ოპონენტების მიერ მოყენებული ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, კულტურის სამინისტრო თავის წარმატებულ საქმიანობას კვლავ განაგრძობს. სათანადოდ აღსანიშნავია, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შესყიდვა და მისი საქართველოსთვის გადმოცემა. ამისთვის უდიდესი მადლობა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა ამ უნიკალური ექსპონატის ხილვა. იგი აუცილებლად ოქროს ფონდში უნდა ინახებოდეს. ამ სასიკეთო საქმეშიც და ხელნაწერის გაშიფვრაში მნიშვნელოვანი იქნება მეცნიერებათა აკადემიის წევრების ჩართულობა კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად.
ქალბატონმა თეამ საუბრისას გამოყო გიორგი ჩიატიას სახელობის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელსაც ეთნოლოგი თამილა ცაგარეიშვილი კურირებს. აღსანიშნავია, რომ კულტურის სფეროს წარმატებულ საქმიანობაში სათანადო წვლილი შეაქვთ ისტორიკოსებს გიორგი კალანდიას და ნიკა ახალბედაშვილს. ქალბატონმა თეამ საგანგებოდ მიიწვია ქართველი მეცნიერები ქალაქ კრაკოვში გამოფენაზე „ოქროს საწმისი – საქართველო“, რომელიც სექტემბერში ჩატარდება. ასევე, სათანადოდ გამოსაყოფია, რომ საქართველოს ისტორიის მუდმივმოქმედი გამოფენა ოქტომბერში გაიხსნება.
შეხვედრის დასასრულს, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში დაბადებიდან 100 წელი უსრულდება პოეტ ანა კალანდაძეს და კულტურის სამინისტროს ჩართულობა ამ ღონისძიებაში მნიშვნელოვანი იქნება.
შეხვედრა ფრიად ნაყოფიერი იყო და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები.