საერთო კრება
- ივლისი 12, 2024
მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საერთო კრება, რომელზეც განსახილველად გამოტანილი იყო სამი საკითხი. პირველი საკითხი შეეხებოდა აკადემიის გასული – 2023 წლის ანგარიშის წარდგენას. საკითხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და სამეცნიერო-საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა გონელი არახამიამ წარმოადგინა. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილ კრებულში ასახულია აკადემიისა და მისი წევრების სამეცნიერო და სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობა, წიგნში შეტანილია ასევე აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების, დეპარტამენტების და სამსახურების მუშაობის ანგარიში. გასულ საანგარიშო წელს დაიბეჭდა ასევე აკადემიის ჟურნალების: „მოამბისა“ და „მაცნეს“ გამოცემების მორიგი ნომრები.
რაც შეეხება კრებაზე გამოტანილ მეორე საკითხს, რომელიც აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ წარმოადგინა, გახლდათ აკადემიაში წევრ-კორესპონდენტების არჩევის საკითხი. როგორც ცნობილია, 2009 წლიდან აკადემიას კანონის შესაბამისად, შეუწყდა წევრ-კორესპონდენტების არჩევის უფლება, რაზეც ამ დრომდე მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა და სწორედ წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, რომლის თანახმადაც აღდგენილ იქნა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტი. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომზადდა ცვლილებების პროექტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდებაში შესატანად. აკადემიის საერთო კრებამ ერთხმად დაუჭირა მხარი აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანას.
საერთო კრებაზე გამოტანილი მესამე საკითხი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ წარმოადგინა, ეხებოდა აკადემიის უცხოელ წევრად აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ისა ხაბიბეილის არჩევას. აკადემიის წევრთა ხმათა უმრავლესობის შედეგად, ისა ხაბიბეილი არჩეულ იქნა ფილოლოგიის დარგში აკადემიის უცხოელ წევრად.