ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივლისი 21, 2024
2024 წლის 12 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის პაატა კერვალიშვილის მოხსენება: ,,ნანოსისტემების მიღების ლაზერულ-პლაზმური მეთოდი და მისი გამოყენების ზოგიერთი მიმართულება’’.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებას სხვადასხვა მასალის წარმოებისთვის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს, როდესაც საბჭოთა, ამერიკელმა, იაპონელმა და ბრიტანელმა მკვლევრებმა დაამუშავეს ლაზერული გამოსხივების წყაროები ვარგისი ახალი მასალებისა და სტრუქტურების მისაღებად. დღეს ლაზერის გამოყენება სხვადასხვა მასალების მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ფართო და მრავალფეროვანია. ლაზერულმა ტექნოლოგიებმა დაიწყო ინტეგრირება მასალების მომზადების ძირითად პროცესებში, მათ შორის ლაზერული ჭრა, ბურღვა, შედუღება, მარკირება, გაზომვა, დეპონირება და ა.შ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებში წარმატებით გრძელდება ლაზერული ფიზიკისა და ტექნოლოგიის ახალი მეთოდებისა და პროცესების კვლევა-დამუშავება.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მიღებული ნანოსისტემების საუკეთესო თვისებები მათი ეფექტური გამოყენების საშულებას იძლევა. მისივე თქმით, მიღებულია რამდენიმე პატენტი გამოგონებაზე; განხორციელებულია სამი ევროპული პროექტი; ჩატარებულია სხვა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ამერიკელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, რომლებმაც მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
ამჟამად ქართველ მეცნიერთა ჯგუფი მონაწილეობას იღებს ფართომასშტაბიან ევროპულ-ამერიკულ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროექტ „პრობონო“-ში (ბირთვული სინთეზი პროტონ-ბორის გამოყენებით). ასევე დაწყებულია ერთობლივი მუშაობა იაპონელ კოლეგებთან თანამედროვე მზის ენერგიის გარდამქმნელების განვითარება-დანერგვაში.
სხდომას ესწრებოდნენ აკადემიკოსები, ცენტრის წევრები, დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები. სხდომა გახსნა და შეაჯამა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.