ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ივლისი 26, 2024
2024 წლის 24 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდნენ ქალაქ ოლშტინის (პოლონეთი) ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის გეო–ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორები – ჯოანა პავლოვიჩი და ალდონა სკოტნიცკა–შეპშაკი.
პროფესორმა ჯოანა პავლოვიჩმა წარმოადგინა ისტორიულ–კულტურული ძეგლებისა და დაძველებული ნაგებობის, ასევე დაბალდაწნევიანი კაშხლების დეფორმაციების პროგნოზი თანამედროვე 3–D ლაზერული სკანერისა და დრონის ფოტოგრაფირების საშუალებით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინოვაციური მეთოდებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია სამგაზომილებიან სივრცეში შენობებისა და ნებისმიერი კონსტრუქციის ყველა დეფორმაციისა და დაზიანების, მათ შორის, ბზარების ფიქსაცია.
პროფესორმა ჯოანა პავლოვიჩმა ასევე, განიხილა ლაზერული სკანირების, დრონისა და BIM-ის ტექნოლოგიებით მდინარეში დაბალდაწნევიან ჰიდროკვანძებზე არსებული მდგომარეობის განსაზღვრა, შესაბამისი დეფექტების დადგენით. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი 3–D ლაზერული სკანირება მეტად სასარგებლოა ნებისმიერი ობიექტის რემონტისა და რეაბილიტაციის დაგეგმვისათვის.
პროფესორმა ალდონა სკოტნიცკა–შეპშაკმა შესავალ ნაწილში ყურადღება გაამახვილა პოლონეთში, მაზურის რეგიონში წყლის რესურსების და არსებული ტბების ინტეგრალურ მართვაზე კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით. აღნიშნა, რომ ეს ადგილი სპეციფიკური ტერიტორიაა და საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების პერიოდში, ასევე ისაუბრა წყალდიდობის გამომწვევ მიზეზებზე წვიმის ინტენსივობასთან კორელაციური კავშირით.
მომხსენებლების გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია, დაისვა თემასთან დაკავშირებით შეკითხვები, რაზედაც მოწვეულმა პროფესორებმა ამომწურავად უპასუხეს.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, კომისის სწავლული მდივანი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, კომისიის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერ- თანამშრომლები, დარგის სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები. სხდომა გახსნა და შეაჯამა ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა.