აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი – 65
- აგვისტო 26, 2024
დაბადებიდან 65 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წელი შეუსრულდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს სოლომონ პავლიაშვილს.
აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით, ხოლო 1982-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში, 1990-1992 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, მეცნიერებათა კანდიდატია 1989 წლიდან, 1993 წლიდან კი დოცენტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 1999 წელს, პროფესორის წოდება – 2001 წელს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად არჩეულ იქნა 2021 წელს.
1994 წელს დიდ ბრიტანეთში (ჩრდილოეთ ირლანდია) ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის (TACIS) ფარგლებში გაიარა საჯარო სექტორის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამა. 1995-1999 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი 1982-1984 წლებში მუშაობდა თსუ-ს სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და მართვის კათედრის ასისტენტად, 1986 წლიდან დღემდე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორია. 1993-1999 წლებში იყო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, სოციალური დაზღვევის ინსპექციის უფროსი; 1999-2001 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი 2001-2003 წლებში იყო საქართველოს ქონების მართვის მინისტრი, ხოლო 2003-2004 წლებში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; 2011-2016 წწ. – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; 2016 წ. – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი; 2016-2017 წლებში სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა; ასრულებდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობას. 2017 წლის ბოლოს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, სადაც დღემდე მუშაობს.
აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 17 მონოგრაფია (სახელმძღვანელო) მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკის, აგრარული მეცნიერებების, გარემოს დაცვის, მწვანე ეკონომიკის, ცირკულარული ეკონომიკის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ადგილისა და როლის შესახებ, საქართველოში და უცხოეთის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გერმანია, იაპონია, პოლონეთი, იტალია, უკრაინა, უნგრეთი, ინგლისი, შვედეთი და სხვ.
აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები, აგრეთვე, მრავალი ჯილდო ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პროექტებიდან, როგორებიცაა: BIOFIN, UNDP, WWF, UNESCO და სხვ. 1999 წელს დაენიშნა საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის სამეცნიერო სტიპენდია, ხოლო 2019 წელს მიენიჭა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია. 2023 წელს განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “ოქროს მედლით”.
აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საპატიო წვლილის შესატანად.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია