საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი
- სექტემბერი 30, 2024
მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ: ბასკეთის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი, გამოყენებითი მათემატიკის ცენტრის სამეცნიერო დირექტორი, ინტელექტუალური სისტემების ჯგუფის ხელმძღვანელი ხოსე ანტონიო ლოზანო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი, გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრის გამგე გია სირბილაძე.
ხოსე ანტონიო ლოზანომ თავის მოხსენებაში – „ავტომატური პროგნოზირების სისტემების დანერგვით მიღებული სოციალური შედეგები“ აღნიშნა, რომ ავტომატური პროგნოზირების სისტემები სულ უფრო მეტად ინტეგრირდება საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მათი სოციალური შედეგების შესწავლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საუბარია ამ სისტემების ფართო შედეგებზე, განსაკუთრებული აქცენტით მიკერძოებულობისა და სამართლიანობის საკითხებზე.
რაც შეეხება ბატონი გია სირბილაძის მოხსენებას – „სტიქიით დაზარალებული ზონებისთვის საგანგებო ლოგისტიკური დაგეგმვის ფაზი-ტემპორალური მოდელირება“, მასში აღინიშნა, რომ კატასტროფების ერთ-ერთი შედეგია სატრანსპორტო ქსელების განადგურება კატასტროფის ზონებსა, მაგისტრალებსა, ხიდებსა და გვირაბებს შორის. კატასტროფის დროს მოთხოვნა დახმარების გაწევაზე ძალიან იზრდება, და მისი სწორი მართვა არამარტო ეხმარება სამაშველო ჯგუფებს, არამედ უზრუნველყოფს მათთვის საჭირო საშუალებების დროულად მიწოდებას.
კვლევაში ასახული საკითხების გათვალისწინებით, განიხილება ფაზი-მრავალკრიტერიუმიანი გადაუდებელი დახმარების თავშესაფრების განთავსებისა და დაზარალებულთა ევაკუაციის ტემპორალური ამოცანა კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ზონებში ჰუმანიტარული დახმარების ლოჯისტიკის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში მუშავდება მიღებული ამოცანის ამოხსნის ეპსილონ-შეზღუდვების მეთოდი, რომელიც ზოგიერთ შეზღუდვებში უზრუნველყოფს პარეტოს სრული ფრონტის მიღებას.