აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე – 110
- ოქტომბერი 7, 2024
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დიდი ქართველი არქეოლოგის, ისტორიკოსის, პედაგოგის, რამდენიმე ორდენის კავალერის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის 110 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო სხდომა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, ხოლო მოხსენება – „ანდრია აფაქიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე ნონეშვილმა წარმოადგინა.
აკადემიკოსმა ანდრია აფაქიძემ თავისი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევასა და ძველი კულტურების შესწავლას მიუძღვნა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციები მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა საქართველოს უძველეს ეპოქებთან დაკავშირებით, მისი შრომები და გამოკვლევები კი შეუცვლელ წყაროდ რჩება ყველა თაობის მკვლევრისათვის.
ანდრია აფაქიძე იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი (1983), ანტიკური ხანის არქეოლოგიური განყოფილების გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ბატონი ანდრიას განსაკუთრებული სიყვარული და დაუღალავი შრომა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ აღიარებული გახლდათ არამხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია, რომ ის იყო ერთ-ერთი დამაარსებელი პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა – ,,ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება“, 1953 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ,,წყალქვეშა არქეოლოგიას“ სოხუმის ყურესა და არქეოლოგიურ ექსპედიციას აღმოსავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრში – ბიჭვინთაში. ბიჭვინთის არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას თავისი ავტორობით, თანაავტორობითა და რედაქტორობით მიუძღვნა ,,დიდი პიტიუნტისადმი“ შექმნილი შრომების სამტომეული (,,დიდი პიტიუნტი” I-III, 1975-1978 წწ.), რომელთაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია დაიმსახურეს.
წარმოუდგენლად დიდია ბატონ ანდრია აფაქიძის როლი მცხეთის, საქართველოს ძველი დედაქალაქის, არქეოლოგიური კვლევის საქმეში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ,,დიდი მცხეთის“ არქეოლოგიურ ექსპედიციას მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. მის სახელსავე უკავშირდება როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი, სომეხი და ჩრდილოკავკასიელი არქეოლოგების მომზადება. ხანგრძლივი სამეცნიერო მოღვაწეობის მანძილზე, მისი ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ,,ქართული არქეოლოგია“ (1959 წ.) და პირველი რუსულ-ქართული არქეოლოგიური ლექსიკონის (1980 წ.) გამოცემაც.
აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელი სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის ისტორიაში. მისი ღვაწლი არქეოლოგიის განვითარებაში შეუფასებელია, ხოლო მისი კვლევები და აღმოჩენები – საერთაშორისო მნიშვნელობის.
საიუბილეო სხდომაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი (დათუაშვილი), პროფესორები: ვახტანგ ჯაფარიძე, ვახტან ნიკოლაიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა სურგულაძე. დასასრულს სიტყვა გადაეცა ბატონი ანდრიას შვილიშვილს, ცნობილ პიანისტს დუდანა მაზმანიშვილს.
ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მიერ.