მემორანდუმი საერთაშორისო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ CORE აკადემიასთან
- ოქტომბერი 10, 2024
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საერთაშორისო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ CORE აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სტუმრების მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ: CORE აკადემიის საბჭოს წევრი ლი ლეი, რეიმონდ ჯეი ვუ, ფან ლიუ და იან ჩანი. თავის მხრივ, CORE აკადემია წარმოადგენს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE Academy-ის ფილიალებს (მათ შორის Ke Rui Academy, CORE Scientific Centers და CORE Reserch Laboratories).
ხსენებული მემორანდუმი თავის მხრივ ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და კულტურულ ასპარეზზე; ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, აკადემიური კადრების გაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური ტურების, სამეცნიერო შეხვედრების ჩატარებას და სხვ. როგორც სტუმრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, მათთვის დიდი პატივია საქართველოში ჩამოსვლა და ქართველ მეცნიერებთან შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ CORE აკადემიის სრული წევრები არიან აკადემიკოსები: როინ მეტრეველი, ვლადიმერ პაპავა და ხვედრი ინასარიძე.
თანამშრომლობის მემორანდუმს CORE აკადემიის სახელით ხელი მოაწერა მეცნიერებათა დოქტორმა, აღმასრულებელი გამგეობის საბჭოს წევრმა ლი ლეიმ, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან, პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
სტუმრებს გადაეცა აკადემიკოს თამაზ შილაკაძის სასწავლო სახელმძღვანელო „სატრანსპორტო კომუნიკაციების არქიტექტურა“, რომელიც გამოცემულია ჩინურ ენაზე.