გამოჩენილი მეცნიერის, დასტაქრის ოთარ ბურჯანაძის ხსოვნის საღამო
- ოქტომბერი 12, 2024
მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი ქართველი მრავალმხრივი დასტაქრის, მეცნიერის, პროფესორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში ოთარ ბურჯანაძის ხსოვნის საღამო და საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. სხდომა შესავალი სიტყვით მედიცინის და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხეცურიანმა გახსნა. ოთარ ბურჯანაძის ცხოვრებისა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე აკადემიკოსმა რამაზ შენგელიამ ვრცელი მოხსენება გააკეთა. ღონისძიების მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა გელაშვილი, საქართველოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი გელა არაბიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი მალხაზ შანიძე, სამედიცინო აკადემიის პედაგოგი როსტომ ცხვედიანი, პროფესორი ბონდო ქობულია და წიგნის – „ოთარ ბურჯანაძე, ცხოვრება და მოღვაწეობა“ რედაქტორი, მწერალი ანდრო ბუაჩიძე.
რაც შეეხება ბატონ ოთარ ბურჯანაძეზე გამოცემულ წიგნს, მასში მრავლად არის წარმოდგენილი მისი მეგობრების, კოლეგების, მადლიერი პაციენტების, ახლობლების, მისი მეუღლის ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის მოგონებები. წიგნი ქალბატონმა მარიკამ თავისი მეუღლის ოთარ ბურჯანაძის ნათელ ხსოვნას მიუძღვნა. ოთარ ბურჯანაძეს ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ქირურგიაში, იგი უნიკალურ ოპერაციებს ატარებდა, შეუცდომელი დიაგნოსტიკოსი და ოპერატორი გახლდათ. იგი ერთნაირი წარმატებით აკეთებდა ოპერაციებს გულზე, ფილტვებზე, სისხლძარღვებზე, მუცლის ღრუს სხვადასხვა არეში, არანაირ სირთულეს არ უფრთხოდა. ამიტომაც კოლეგები ყოველთვის მას უხმობდნენ დასახმარებლად.
აღსანიშნავია, რომ ოთარ ბურჯანაძეს გასული წლის 26 აგვისტოს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. ღონისძიების დასასრულს ქალბატონმა მარიკა ლორთქიფანიძემ მადლიერება გამოთქვა ყველას მიმართ, ვინც ოთარ ბურჯანაძისადმი გაუნელებელი სიყვარული, მადლიერება შემოინახა და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
ხსოვნის საღამოზე ნაჩვენები იყო ჟურნალისტ თინათინ დაბრუნდაშვილის დოკუმენტური ფილმი „დასტაქარი ოთარ ბურჯანაძე“.