აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი – 125
- ოქტომბერი 24, 2024
მიმდინარე წელს გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის კორიფეს და ერთ-ერთ ფუძემდებელს შალვა ამირანაშვილს დაბადებიდან 125 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.
შალვა ამირანაშვილი ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საფრანგეთის სააზიო საზოგადოების, საერთაშორისო მუზეუმის საბჭოსა და სსრ კავშირის მუზეუმის ნაციონალური კომიტეტის ნამდვილი წევრი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე. 1959 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
1918 წ. მან სწავლა დაიწყო ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების (ფილოსოფიის) ფაკულტეტზე ხელოვნების ისტორიისა და თეორიის განხრით.
საქართველოში რუსეთის მე-11 არმიის შემოსევის (1921 წ. თებერვალი) დროს, ივ. ჯავახიშვილის მოწოდებით, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად შალვა კოჯორთან იცავდა თბილისს. აქ ექვთიმე თაყაიშვილის მოთხოვნით ის გაამწესეს საქართელოს საგანძურის შესაფუთად და აღსაწერად, მისი გადარჩენის მიზნით. როგორც კომისიის მდივანმა, შალვა ამირანაშვილმა აღწერა საგანძური და გადაიტანა თბილისის რკინიგზის სადგურზე – იმ საგანგებო მატარებლზე, რომელსაც მიჰქონდა დამოუკიდებელი საქართველოს ოფიციალური საბუთები და არქივი ბათუმში გადასარჩენად. ექ. თაყაიშვილი და შალვა ამირანაშვილი მერე უნდა გაჰყოლოდნენ სამგზავრო მატარებლით ამ განძს, მაგრამ შალვა ამირანაშვილი ვერ გაჰყვა, რადგანაც კოჯორში და მუზეუმების საცავებში გაციებულს დაემართა ფილტვების ანთება.
უნივერსიტეტში სწავლის დროს შალვა ამირანაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ძველი ქართული ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის ძეგლთა შესწავლას. მისი პედაგოგები ქართული მეცნიერების კორიფეები იყვნენ, რამაც უდავოდ დიდი როლი შეასრულა მის მეცნიერად ჩამოყალიბებაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1922 წ.) ივ. ჯავახიშვილისა და გ. ჩუბინაშვილის წარდგინებით დატოვეს ხელოვნებათმცოდნეობის კათედრაზე პროფესორის წოდების მოსამზადებლად.
შალვა ამირანაშვილმა მონაწილეობა მიიღო იმ კომისიის (კომისიის თავმჯდომარე დამიანე ჯგუშია, წევრები საქართველოს მხრიდან ნ. ჟორდანია, აკ. შანიძე, კ. კეკელიძე, პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე და სხვ.), მუშაობაში, რომელსაც დაევალა რუსეთში ცარიზმის დროს გატანილი საქართველოს კუთვნილი განძეულის (ხელნაწერები, ოქრომჭედლობის ნიმუშები, სტელები, არქეოლოგიური ნივთები და სხვ.) აღწერა-დაბრუნებაში.
მის მოვალეობას წარმოადგენდა სადავო ძეგლების, კერძოდ კი საქართველოდან გატანილი ბიზანტიური ხელოვნის ნიმუშად მიჩნეული ძეგლების, ქართული წარმომავლობის მეცნიერული დამტკიცება, რაც სულ ახალგაზრდა მეცნიერის მიერ წარმატებულად იქნა განხორციელებული. საქართველოსთვის დასაბრუნებელი განძეულისთვის გამოიყო რკინიგზის ვაგონი, რომელსაც შალვა ამირანაშვილი გამოჰყვა როგორც რწმუნებული და მცველი. იმ დროის ძალიან არეულ და საშიშ პერიოდში, თითქმის დაუცველი განძის ასე წამოღება დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. თავისი გამჭრიახობით, მოიფიქრა და ვაგონს თეთრი საღებავით, დიდი ასოებით დააწერა: „В вагоне тифозные“ (რაც იმ პერიოდში, შავი ჭირის შემდეგ, ყველაზე საშიში გადამდები და სასიკვდილო დაავადება იყო) და 24 წლის ყმაწვილმა მშვიდობიანად ჩამოიტანა განძი თბილისში.
1944 წ. გენერალ დე გოლისა და ი. სტალინის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შალვა ამირანაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საფრანგეთიდან ეროვნული განძის დაბრუნებაში. მოსკოვში ყოფნის დროს, პარიზში გამგზავრების მომზადებისას, მან მთავრობას სთხოვა ნებართვა, რომ საქართველოში ჩამოეყვანა თავისი მასწავლებელი ექვთიმე თაყაიშვილი, რაც დადებითად გადაწყდა.
1990 წ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმს აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელი მიენიჭა, რაც მეცნიერულ მემკვიდრეობასთან ერთად საწინდარია იმისა, რომ მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში.
რაც შეეხება აკადემიაში გამართულ სხდომას, სიტყვით გამოვიდნენ: ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნონა ხარატიშვილი, პროფესორი თამილა ცაგარეიშვილი, ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, მამა ამირან ამირანაშვილი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და შალვა ამირანაშვილის შვილი ჯუანშერ ამირანაშვილი.
ღონისძიება ორგანიზებული იყო საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მიერ.