ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • დეკემბერი 3, 2024

2024 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სდომა, რომელზეც მოხსენებით: ,,ქალაქ თბილისში სატრანსპორტო საშუალებების მოქმედების შედეგად წარმოქმნილი  ხმაურით გამოწვეული გარემოს დაბინძურების პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები’’, წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სატრანსპორტო  სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი  ბორის გითოლენდია.

მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დღეისათვის ტრანსპორტის ხმაურით დაბინძურება რჩება კრიტიკულ გამოწვევად თანამედროვე ურბანულ გარემოში, რაც ხელს უშლის მდგრადი და ეფექტური სატრანსპორტო სისტემების განვითარებას. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქალაქი თბილისია. ხმაურით დაბინძურების კონტექსტში მოხსენებაში ძირითადი აქცენტი გაკეთდა სწორედ ქალაქ თბილისზე.

ხმაური გარემოს აკუსტიკური დაბინძურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა, რამდენადაც იგი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯამრთელობაზე, ცხოველთა ადაპტირებაზე გარემოს მიმართ, მათ შორის ინფორმაციის გადაცემაზე და ა.შ.  შესაბამისად, დღეისთვის იგი  წარმოადგენს ეკოლოგიურ საფრთხეს  დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის.

მომხსენებელმა  წარმოადგინა ინფორმაცია ზოგადად ტრანსპორტთან დაკავშირებული ხმაურით დაბინძურების პრობლემის არსსა და ძირითად მიზეზებზე; ასევე შეაფასა არსებული მდგომარეობის შემსუბუქების სტრატეგიები და თანამედროვე მიდგომები. ამ მხრივ ძირითადი აქცენტი გააკეთა ევროკავშირის რეგულაციებზე და მათ როლზე ხმაურის შემცირების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.

დასკვნის სახით შემოთავაზებულ იქნა ის ძირითადი ღონისძებები რამაც მომხსენებლის აზრით უნდა შეამციროს ტრანსპორტით გამოწვეული აკუსტიკური დაბინძურება ურბანულ ზონებში, ხელი შეუწყოს შესაბამისი პოლიტიკის გამკაცრებას და ეკოლოგიასთან მიმართებაში, ჰოლისტიკური, მრავალმხრივი მიდგომით  გააუმჯობესოს ქალაქ თბილისის სატრანსპორტო სისტემის მართვის არსებული მოდელი.

სხდომას ესწრებოდნენ ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  წევრები, აკადემიკოსები,  პროფესორები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები.

დასასრულს მომხსენებელმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების კითხვებს. მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.