აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ მონაწილეობა მიიღო მდგრადი ტრანსპორტის ჯგუფის მინისტერიალში
- დეკემბერი 3, 2024
26-27 ნოემბერს ტრანსპორტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით აღინიშნა, ქ. აშხაბადში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია და მდგრადი ტრანსპორტის ჯგუფის მინისტერიალი, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგატები მსოფლიოს 29 ქვეყნიდან.
საქართველოდან ამ შეხვედრაზე მიწვეული იყო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საგზაო-სატრანსპორტო სისტემების სრულყოფისა და განვითარების პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე.
მინისტერიალზე განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა სატრანსპორტო დიპლომატიის მსოფლიო აკადემიის შექმნის ინიციატივას, რომლის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ტრანსპორტის სფეროში.
აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მის მიერ დაარსებული ქართულ-ამერიკული სატრანსპორტო პოლიტიკის ინსტიტუტის ბაზაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით ყალიბდება სატრანსპორტო დიპლომატიის მსოფლიო აკადემიის თბილისის რეგიონალური წარმომადგენლობა.
სატრანსპორტო დიპლომატიის მსოფლიო აკადემიის საქმიანობა ფოკუსირებული იქნება რეგიონული დიალოგის ხელშეწყობაზე, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაზე, სატრანსპორტო დარგის გაციფრულებაზე და მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ინოვაციებზე.