აკადემიკოს ვაჟა ლორთქიფანიძის მოხსენება
- დეკემბერი 23, 2024
მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს დემოგრაფიის საკითხების შესწავლის მიმართულების სამეცნიერო სხდომა, რომელზეც მოხსენებით -„თანამედროვე საქართველოს დემოგრაფიული პრობლემები“ წარდგა აკადემიკოსი ვაჟა ლორთქიფანიძე. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
როგორც მოხსენებაში აღინიშნა, – საქართველოში ამჟამად, დემოგრაფიის ირგვლივ კრიზისული სიტუაციაა. აქვე უნდა განვიხილოთ მსოფლიოში არსებული ცალკეული რეგიონების და ქვეყნების მდგომარეობა. სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, სიკვდილიანობა უფრო მეტია, ვიდრე შობადობა. ბოლო 30 წლის განმავლობაში მოსახლეობა 30%-ით შემცირდა, მით უმეტეს სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით. დაიცალა სოფლები, რაიონები, ამ მხრივ, რაჭის მაგალითის მოყვანაც კმარა, სადაც 18000 ადამიანი ცხოვრობს, ასეთივე მდგომარეობაა სვანეთში, ზემო სვანეთში 4000 ადმიანი ცხოვრობს, ხოლო ქვემო სვანეთში – 9000.
მომხსენებელმა ასევე მოკლე ისტორიული ექსკურსი გააკეთა წინა საუკუნეებთან შედარებით. ამჟამად, შობადობის მკვეთრი შემცირება აღინიშნება. განსაკუთრებული შემცირება 1993-94 წლებში დაიწყო. 2023 წლისთვის კი, მხოლოდ 40000 ბავშვი დაიბადა.
ამ მხრივ, აუცილებლად აღსანიშნავია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივა, რომ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე ბავშვი პატრიარქის მიერ ინათლება. 2024 წლის საქსტატის მონაცემებით შობადობამ იკლო, ამას დაემატა, ისიც, რომ გახშირდა ქორწინების გარეშე დაბადებულთა რიცხვი. გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში მოსახლეობის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მით უმეტეს ქალაქებში მცხოვრებთან რაოდენობა. აღსანიშნავია, ისიც, რომ მიგრაციული პროცესები აფერხებს შობადობას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია ვეძებოთ პრობლემის დაძლევის რეალური გზები. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამა.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ დემოლოგიის, როგორც მეცნიერებისა და პოლიტიკის განვითარებაა აუცილებელი. ქმედითი ზომებია მისაღები უკვე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის დონეზე.
სხდომის დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ და შეკითხვები დასვეს აკადემიკოსებმა: ელიზბარ ჯაველიძემ, რამაზ ხუროძემ, ვლადიმერ პაპავამ, რამაზ ხეცურიანმა, ვალერი ასათიანმა, ომარ გოგიაშვილმა და სხვ.