აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილი – 105

აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილი – 105

  • აპრილი 26, 2025

2025 წლის 25 აპრილს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულაკადემიაში გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საქართველოში ბიოლოგიური ფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებათა დამფუძნებლის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 105 წლისთავს.

ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და სხვა საპატიო სტუმრები. მოხსენება აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წარმოადგინეს აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მაია მახარაძემ; სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ აკადემიკოსები: რამაზ ხეცურიანი, ჯონი ხეცურიანი, დავით მიქელაძე, თენგიზ ზაალიშვილი (მალხაზ ზაალიშვილის შვილი), ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მალაქია ფირცხალავა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ ბექაია და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ ზაალიშვილი (მალხაზ ზაალიშვილის შვილი).

აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა სამაგალითოა ყველა ქართველისთვის. მან დააარსა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი და ბიო­მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შექმნა თავისი სკოლა, იყო საქართველოში ბიოლოგიური მაკრომო­ლეკულების ფიზიკურ-ქიმიური კვლევების ფუძემდებელი.

მალხაზ ზაალიშვილის შრომები კუნთის ფიზიკურ-ქიმიური ორგანიზაციის კვლევის სფეროში ქართული მეცნიერების თვალსაჩინო მიღწევას წარმოადგენს.

მან პირველმა შეადგინა ბიოლოგიური ფიზიკის ზოგადი კურსის პროგრამა. 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე იგი კითხულობდა რადიობიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის კურსს.  1962 წელს ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მალხაზ ზაალიშვილმა ჩამოაყალიბა სპეციალიზაცია „ბიოფიზიკა“, რომლის ბაზაზე შემდგომში შეიქმნა მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრა, სადაც იგი კითხულობდა ლექციებს მოლეკულურ ბიოლოგიასა და ზოგად და უჯრედის ბიოფიზიკაში.

1962 წელს, დიდი მეცნიერის ივანე ბერიტაშვილის ინიციატივით ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაარსდა საქართველოში პირველი ბიოფიზიკის ლაბორატორია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უკვე გამოცდილი მეცნიერი მალხაზ ზაალიშვილი. სწორედ ამ დროიდან უკავშირდება მის სახელს საქართველოში თანამედროვე ბიოლოგიის ისეთი დარგების განვითარება, როგორიცაა ბიოფიზიკა და მოლეკულური ბიოლოგია.

1986 წელს, ბიოფიზიკის სექტორის ბაზაზე დაარსდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი.  ინსტიტუტის პირველ დირექტორად მალხაზ ზაალიშვილი იყო არჩეული და იგი მას 2000 წლამდე შეუცვლელად ხელმძღვანელობდა. დღეს ინსტიტუტის კვლევითი მიმართულებები ფუნქციონირებას განაგრძობს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ფარგლებში.

1979 წელს მ. ზაალიშვილი არჩეული იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1988 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

1990–2004 წლებში მ. ზაალიშვილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ბიოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, 2004–2006 წლებში – საქართველოს მეცნიერე­ბათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი.

მ. ზაალიშვილი იყო საქართველოს სსრ  მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან  და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ბიოტექნოლოგიისა და ფიზიკურ-ქიმიური  ბიოლოგიის პრობლემების საუწყებათაშორისო სამეცნიერო ტექნიკური საბჭოს  თავმჯდომარე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბიოფიზიკის პრობლემების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და სსრ კავშირის  მეცნიერებათა  აკადემიის სამეცნიერო საბჭოს  „ბიოლო­გიური სისტემების ფუნქციონირების ფიზიკური პრინციპები“-ს ბიოლოგიური  მოძრაობის სექციის  თავმჯდომარე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მოამბის“ და „მეცნიერება და ტექნიკის“ რედკოლეგიის წევრი. იგი იყო  მრავალი საკავშირო და საერთაშორისო სიმპოზიუმების, ყრილობებისა და კონგრესების მონაწილე.

1997 წელს აკადემიკოსი მ. ზაალიშვილი დაჯილდოვდა  ღირსების ორდენით. დიდია მალხაზ ზაალიშვილის ამაგი საქართველოში ბიოფიზიკოსებისა და მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტთა თაობების აღზრდის საქმეში. აკადემიკოს მ. ზაალიშვილის, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის დირექტორის საქმიანობამ დიდად შეუწყო ხელი სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობის განვითარებას.