
აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ვიზიტი ჩინეთში
- მაისი 17, 2025
მიმდინარე წლის 25 აპრილიდან 31 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ჩინური მხარის მიწვევით, იმყოფებოდა ჩინეთში, ჯეძიანის პროვინციის ქალაქ ჰანჯოუში.
ვიზიტის ფარგლებში, მომავალი თანამშრომლობის მიზნით, გიორგი კვესიტაძემ მონაწილეობა არაერთ ღონისძიებაში და მოლაპარაკებაში მიიღო.
კერძოდ, ჰანჯოუ ჯინჟანის ტერიტორიული ზონის ადმინისტრაციულ კომიტეტთან შედგა შეთანხმება, მომავალში ერთობლივი საერთაშორისო ეკოფორუმების ჩატარების თაობაზე.
გიორგი კვესიტაძე გაეცნო ხანგჭოუ მომავლის სამეცნიერო-ტექნიკურ ქალაქს (Hangzhou Future Sci-Tech City), რომელიც, დღეს, ჩინეთის ეროვნული დონის ერთ-ერთ პირველ სამომავლო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს წარმოადგენს. ცენტრის პრიორიტეტული მიმართულებებია ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ეკონომიკა და ბიომედიცინა. ცენტრში გამართულ შეხვედრებზე, საუბარი ეხებოდა სამომავლო თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ნიჭიერი კადრების შერჩევას საქართველოდან/კავკასიიდან, სუბსიდიებს საქართველოში კვლევითი ცენტრების შესაქმნელად, სამომავლო ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, სუბსიდიების პოლიტიკის გარკვევას და ერთობლივი ტექნოლოგიების დამუშავებას.
ვიზიტის ფარგლებში აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე იმყოფებოდა აგრეთვე ჯეძიან-ლუფუჯანის ეკოლოგიურ და სასოფლო-სამეურნეო კომპანიაში (Zhejiang Lufujian Ecological Agriculture Co., Ltd.), რომელიც წარმოადგენს სრულფასოვანი ნიადაგის სპეციალიზირებულ მაღალტექნოლოგიურ და ორგანული სოფლის მეურნეობის საწარმოს, დაფუძნებულს ეკოლოგიურ აკვაკულტურებზე და შესაბამის აგროტექნოლოგიებზე. კომპანიაში დაიგეგმა: ჩინურ-ქართული ერთობლივი ლაბორატორიის შექმნა; ერთობლივი პროექტების განხორციელება ნიადაგის რემედიაციის მიზნით; ქართველი სპეციალისტების ჩართვა ზენჯიანგის უნივერსიტეტის ეკოლოგიურ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებში; თანამშრომლობა ორგანული სერტიფიცირების სტანდარტების პოლიტიკაში.
ვიზიტი განხორციელდა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰანჯოუს მედიცინის ინსტიტუტში (CAS Hangzhou Institute of Medicine). ინსტიტუტი, როგორც საბაზისო მედიცინის სიმსივნის კვლევის ცენტრი, ჩამოყალიბდა 2019 წელს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ჯეძიანის პროვინციის მთავრობის ერთობლივი ინიციატივით. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მონაწილეობა და მხარდაჭერა ჯეძიანის პროექტებში.
აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ წაიკითხა ლექცია ჰუჯოუს უნივერსიტეტში (Huzhou University), დაბინძურებული ნიადაგის ბიორემედიაციის საკითხებზე. უნივერსიტეტთან დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა: სადოქტორო სწავლების გაცვლითი პროგრამა; ერთობლივი სიმპოზიუმების ჩატარება; ლაბორატორიული კვლევები უნივერსიტეტის ბაზაზე.