
„მეფეთა დაავადება“: ერთი სამედიცინო ტერმინის ისტორიიდან
- ივნისი 19, 2025
მიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოებისა და საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „მეფეთა დაავადება“: ერთი სამედიცინო ტერმინის ისტორიიდან“, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ისტორიის დოქტორი რუსუდან ლაბაძე. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ქართულ ენაში არცთუ ისე მრავლადაა ისეთი სამედიცინო ტერმინები, რომლებიც უწყვეტად, საუკუნეთა განმავლობაში გამოიყენებოდა და თანაბრად გვხვდება, როგორც ქართულ სამედიცინო წერილობით ძეგლებში, ისე ნარატიულ წყაროებში. სწორედ ასეთი ტერმინია „ნიკრისი“, რომელიც ქართულ ენაში არაბულიდან დამკვიდრდა.
ნიკრისს ანუ პოდაგრას ისტორიულად „მეფეთა დაავადებას“ უწოდებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სენი დიდგვაროვნებისა და არისტოკრატიის მიერ საკვებისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო ვლინდებოდა.
მოხსენებაში განხილული იყო ტერმინ „ნიკრისის“ ისტორია და გავრცელება. მისი მიმართება არაბულ, სომხურ ენებთან; ტერმინის გამოყენება ქართულ სამედიცინო ტრაქტატებში („უსწორო კარაბადინი“, „წიგნი სააქიმოი“, „იადიგარ დაუდი“), ნარატიულ ძეგლებსა და ლექსიკონებში. ასევე დაავადების მკურნალობის ისტორია და სამკურნალო მცენარეები.
მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: ლია მელიქიშვილმა, ავთანდილ არაბულმა, ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ და პროფესორმა ნათელა ვაჩნაძემ.