სახელმწიფო ენის პოლიტიკის ძირითადი ამოცანები თანამედროვე საქართველოში

სახელმწიფო ენის პოლიტიკის ძირითადი ამოცანები თანამედროვე საქართველოში

  • ივლისი 17, 2025

ა.წ. 14 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომაზე აკად. ავთანდილ არაბულმა წაიკითხა მოხსენება „სახელმწიფო ენის პოლიტიკის ძირითადი ამოცანები თანამედროვე საქართველოში“. გამომსვლელმა ვრცლად დაახასიათა ის ვითარება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდგომ შეიქმნა სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და მისი სასიცოცხლო სივრცის სრულფასოვანი დაცვის თვალსაზრისით.

მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პრობლემებზე, ვინაიდან სახელმწიფო ენის (ისევე როგორც, ზოგადად, სახელმწიფოს, ხვალინდელი დღე იჭედება ეროვნულ სკოლაში. თუ ვერ ვინარჩუნებთ ეროვნულ სკოლას, ე.ი. ვერ ვაშენებთ ეროვნულ სახელმწიფოს. ეროვნული სკოლის ფუნდამენტი კი სახელმწიფო ენის სრულფასოვან სწავლებაზე დგას. ამავე დროს, ეს აზრი არ გულისხმობს მხოლოდ ქართული ენის საგნობრივ სწავლებას; ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ენა სასკოლო სწავლების ენაა და ყოველი საგნის ქართული სახელმძღვანელოს სათანადო დამუშავებასა და სწავლებას არანაკლები მნიშვნელობა აქვს მომავალი შეგნებული მოქალაქის აღზრდისათვის. ჩვენ კი დღემდე ეროვნული სკოლის მიზანმიმართული მოშლით სავალალო შედეგები მივიღეთ, იმდენად, რომ ახალი თაობების ქართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარები საგანგაშო სიმპტომებს ავლენს. ქართული სკოლის ამგვარი მდგომარეობის შექმნაში თავისი როლი შეასრულა სწავლების სქემის შეცვლამ და ენისა და ლიტერატურის ერთ საგნად ინტეგრირებამ, ისე ეროვნული გამოცდების ჩასათვლელი მოთხოვნების უკიდურეს მინიმუმამდე დაყვანამ.

სასკოლო საგნებსა და სახელმძღვანელოებზე საუბრის დროს უშუალოდ მივდივართ იმ პრობლემასთან, რაც დისციპლინების საუნივერსიტეტო სწავლებას უკავშირდება. მხოლოდ მაშინ იქმნება კარგი სასკოლო სახელმძღვანელო, როდესაც არსებობს მაღალი დონის საუნივერსიტეტო კურსი და კარგ სკოლის წიგნებს, ჩვეულებისამებრ, მაღალი რანგის სპეციალისტები ქმნიდნენ და ქმნიან. ეს ყველაფერი კი ცოცხალი მეცნიერების არსებობას გულისხმობს უნივერსიტეტებში. აშკარაა: კრიზისი მეცნიერების სფეროში მეორე დღესვე აჩნევს თავის კვალს საუნივერსიტეტო სწავლებას, მესამე დღეს კი ის სკოლასაც მძიმე დარტყმას აყენებს…

მომხსენებელი შეეხო იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ მექანიზმებსაც, რასაც ცივილიზებულ კაცობრიობა იყენებს ეროვნული (სახელმწიფო) ენების ინტერესების დასაცავად. საქართველოში ამ თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. ამისი გამოხატულებაა:

– საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებით იქნა მიღებული და რომელმაც სახელმწიფო ენას ძირითადი ადგილი განუსაზღვრა რა მას სახელმწიფო სიმბოლოებს შორის: მუხლი 2, პუნ. 3. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით.

– 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ (რომელსაც, მითითებული საკონსტიტუციო ნორმით, ორგანული კანონის ძალა მიენიჭა).

– 2016 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკაცობრიო ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა ნომინაცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, რომელიც, თავის მხრივ, ერთგვარ გეგმას წარმოადგენს ეროვნული ენობრივი მემკვიდრეობის სრულფასოვანი დაცვისათვის.

– სახელმწიფო ენის კანონის თანახმად, 2018 წლიდან ამოქმედდა სამთავრობო სტრუქტურა – სახელმწიფო ენის დეპარტამენტი;

– 2021 წლის ბოლოს კი მთავრობამ დაამტკიცა ე.წ. „სახელწიფო ენის სტრატეგია“.

– ასევე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გააზრებული ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენობრივი ინტერესების, განსაკუთრებით გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ენების დასაცავად…

მომხსენებელი მიიჩნევს, რომ, ყოველივე აღნიშნულის შემდგომ, არანაკლები სიმწვავით დაისმის კითხვა, თუ რატომ ვერ ხედავს ჩვენი საზოგადოება პროგრესს სახელმწიფო ენის დაცვის მიმართულებით და რამდენად ეფექტიანად უპასუხებს უკვე მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რასაც საქართველოს კონსტიტუციის მითითებული ნორმა და სახელმწიფო ენის ორგანული კანონი განსაზღვრავს? უფრო ზუსტი აქცენტი რომ გავაკეთოთ: რამდენად უპასუხებს ჩვენი დამოკიდებულება სახელმწიფო ენისადმი იმ სულისკვეთებას, რასაც განასახიერებს „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფოებრიობის საფუძვლად სამართლიანად წინწამოწეული ილიასეული ტრიადა – „მამული, ენა, სარწმუნოება“?!

მომხსენებლის შეფასებით:

ქართული სახელმწიფო, თავისი წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უახლეს ეტაპზე, ეროვნული სახელმწიფოს ფორმირების განუხრელი კურსის გათვალისწინებით, უფლებამოსილია შემდგომი ნაბიჯები გადადგას სახელმწიფო ენის, ჩვენი ენობრივი მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების იმ სრულმასშტაბიანი სახელმწიფო პროგრამის მისაღებად, რომელიც განსაზღვრულია ორგანული კანონის 37-ე მუხლით („სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა“) და რომელიც შესაფერის ნიადაგს შექმნის როგორც ოფიციალური სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, ისე ქართველი ერის ისტორიული ენობრივი მემკვიდრეობის, ცოცხალი ქართველური ენებისა და მათი დიალექტების შენარჩუნების, განვითარებისა და ყოველმხრივი შესწავლისათვის. ეს პროგრამა, რომელმაც უნდა ასახოს ენობრივ მემკვიდრეობაზე ზრუნვის საუკეთესო სამამულო და ევროპული გამოცდილება, თავისთავში გულისხმობს როგორც დამატებით საკანონმდებლო ინიციატივებს, ისე სპეციალურ ქვეპროგრამებსა და პროექტებს ენობრივი პროცესების მეცნიერული კვლევის, მათი ტექნოლოგიური უზრუნველყოფისა და შესწავლა-სწავლების მიმართულებით.

კომისიის სხდომა შეაჯამა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

სხდომამ მიიღო მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომლის ძირითად წინადადებად განისაზღვრა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის შემმუშავებელი სპეციალური კომისიის შექმნა მთავრობის უშუალო ზედამხედველობით.