
შეხვედრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებით
- სექტემბერი 19, 2025
2024 წლის დასაწყისში „ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პოპულარიზაციის სამეცნიერო ცენტრის“ მესვეურებმა საქართველოს საპატრიარქოს გააცნეს მოსაზრებები ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მათი სურვილი იყო 2024 წლიდან ქვეყნის მასშტაბით დაწყებულიყო შემეცნებითი შეხვედრები და შემოქმედებითი საღამოები ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გახსენებისა და პოპულარიზაციის მიზნით.
საპატრიარქომ მოიწონა ეს განზრახვა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობით საფუძველი ჩაუყარა სამწლიან (2024-2026 წლები) კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას „ქართული თვითმყოფადობა“. ამ პროგრამის ფორმატში შარშან და წელს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა ლექციები ჩვენი ერის, ეკლესიის, ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის საკითხებზე. მოსახლეობის ფართო ფენებთან გამართულმა შეხვედრებმა გამოავლინა ჩვენს საზოგადოებაში არსებული დიდი ინტერესი მსგავსი საგანმანათლებლო პროექტებისადმი. ამის საფუძველზე მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა შორის გაჩნდა მოსაზრება, რომ საიუბილეო თარიღის ფართო მასშტაბით აღნიშვნა დიდად შეუწყობდა ხელს ჩვენი საზოგადოების სულიერი და ინტელექტუალური დონის ამაღლებას.
ამ იდეის მესვეურებმა წინადადებით მიმართეს ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის ცნობილ მოღვაწეებს, შექმნილიყო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიერ საიუბილეო თარიღის მნიშვნელობის გაცნობიერებას და მის აღნიშვნაში აქტიურ მონაწილეობას. მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების მხარდაჭერით შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ის, რაც გვაერთიანებს”; მასში გაერთიანებული არიან ყველასათვის ცნობადი სახეები – ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები. მოძრაობის მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნისათვის ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა.
დასახული მიზნის განხორციელებისათვის დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია მთელი ქვეყნის მასშტაბით. პირველი საღამო ამ მოძრაობის ეგიდით თბილისში 2025 წლის 2 სექტემბერს ,,ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართა, ხოლო მიმდინარე წლის 19 სექტემბერს კი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ უმასპინძლა ამ შეკრებას და ჩატარდა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; სიტყვით გამოვიდნენ: აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. გიორგი ჭეიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიის მუზეუმის დირექტორი გივი ღამბაშიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ირაკლი ბრაჭული, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი მარიამ გაჩეჩილაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა აბაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რეზო კორინთელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ზაზა რუხაძე, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების სასახლის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იზოლდა მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ ჯოლოგუა და სხვ.
სხდომა შეაჯამა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა.
საორგანიზაციო შეხვედრები, შემეცნებითი საუბრები და შემოქმედებითი საღამოები გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.