
საერთაშორისო კონფერენცია – „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“
- სექტემბერი 23, 2025
მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიხსნა რიგით XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც მიეძღვნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის ნათელ ხსოვნას და მის 95 წლის იუბილეს. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბატონი ჯუმბერის მოწაფემ, კონფერენციის თავმჯდომარემ, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორმა, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა თეიმურაზ ადეიშვილმა.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ: ბატონი ჯუმბერის შვილი გიორგი ლომინაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაციის (სემა) აკადემიკოსი და მისი ვიცე-პრეზიდენტი ამირან აფციაური, საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ლევ გეონჯიანი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სემა-ს აკადემიკოსი და მისი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კორძახია, გამწვანება საქართველოს ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი გოჩა არონიშიძე და ლია კუტალაძე. მისალმებების შემდგომ, სიტყვა დაეთმო სხვადასხვა მოხსენებებს, წარმოდგენილი იყო ოცდაათამდე მოხსენება. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები.
რაც შეეხება აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძეს, იგი მსოფლიო დონის ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სხვა მრავალი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი, აბასთუმნის ე. ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და მისი ფიზიკა-მათემატიკური განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გახლდათ.
ჯუმბერ ლომინაძის ხსოვნა სამარადჟამოდ დარჩება ქართველი ხალხის, მეცნიერების და მისი მოწაფეების მოგონებებში.