
აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე – 90
- ოქტომბერი 21, 2025
მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აკადემიკოს ზაზა ალექსიძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. ზაზა ალექსიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ვრცლად ისაუბრა თავის მოხსენებაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების გამგემ, მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, ფილოლოგიის დოქტორმა დალი ჩიტუნაშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ აგრეთვე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის მკვლევარი, ისტორიის დოქტორი ნინო აფციაური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, არმენოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი ნათია ჩანტლაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ზაზა სხირტლაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.
ზაზა ალექსიძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საფრანგეთის წარწერათა და სიტყვაკაზმული მწერლობის აკადემიის უცხოელი წევრი, გელათის აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ ოქროს ორდენისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლის მფლობელი, საქართველოს სინას მთის ქართულ სიძველეთა შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი, წმიდა ეკატერინეს მონასტრის საერთაშორისო მზრუნველთა საბჭოს წევრი, აზია წყნარი-ოკეანიის აღმოსავლური ქრისტიანობის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი, ათონის მონასტრის ქართულ სიძველეთა შემსწავლელი პროგრამის ხელმძღვანელი; 1979-2012 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე, 1989-2006 წლებში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი; 190-ზე მეტი ნაშრომის, აქედან 25 მონოგრაფიის ავტორი; მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ბრწყინვალე წარმომადგენელი.
ზაზა ალექსიძის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმოხილვა ძალიან რთულია, რადგან მას არ აქვს ნაშრომები, რომლებიც შეიძლება გამოტოვო და არ ახსენო. ყველა მნიშვნელოვანია, ყოველ მათგანში არის სიახლე, რომელიც ცვლის ძველ შეხედულებებს და შემდგომ კვლევას მოითხოვს.
ზაზა ალექსიძე ყოველთვის თანამედროვე ადამიანი იყო, კაცი, რომელსაც კარგად ესმოდა დროის მოთხოვნები და გამოწვევები, ის ბოლომდე ახალგაზრდად დარჩა, ახალგაზრდად, რომელიც ადვილად იღებდა ყველაფერს ახალს, ამ მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლოს თვითონ სტუდენტებთან, მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან ურთიერთობით ხსნიდა: „როდესაც ნაშრომი იქმნება, ის არ იქმნება ისე, რომ არ ითვალისწინებდე მკითხველს…როგორი ინტერესით გისმენენ და რა კითხვებს გისვამენ…არაფერი ისე არ გეხმარება ახლებურად შეხედო თითქოს მოძველებულსა და გადაჭრილ პრობლემას, როგორც ახალგაზრდებთან ურთიერთობა“.
ზაზა ალექსიძე იყო მამულიშვილი, ამ სიტყვის ნამდვილი და უცვეთი მნიშვნელობით. უყვარდა საქართველო მის ყოველგვარ გამოვლინებაში – ადამიანებში, გეოგრაფიაში, ხელნაწერებში, არქიტექტურაში, ისტორიაში, ენასა და კულტურაში. არასოდეს დაზარებია, შეშინებია ან დაუხევია უკან, როდესაც საქმე ქართული საქმის და ინტერესის დაცვას შეეხებოდა. ასე იყო 1978 წელს, როდესაც ზაზა ალექსიძემ ქართული ინტელიგენციის ნაწილთან ერთად ღირსეულად და უშიშრად გადაიხადა ბრძოლა ქართული ენისათვის. წერილი, რომელიც მან იმ დღეეებში დაწერა, შემდეგ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ, გამოიყენა საკუთარ გამოსვლაში, რათა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი დაცულიყო. ასე იყო მაშინ, როდესაც ზაზა ალექსიძე მთელი თავისი ცოდნითა და ავტორიტეტით მხარში ამოუდგა საქართველოს ეკლესიას და მის მწყემსმთავარს, ილია მეორეს, როდესაც ის ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის იბრძოდა. ასე იყო ყოველთვის, როდესაც ვინმე საქართველოს ისტორიის გაყალბებას შეეცდებოდა, როდესაც სამეცნიერო პოლემიკაში ქართული პოზიცია იყო დასაცავი.
ასე იყო მაშინაც, როდესაც ზაზა ალექსიძე წლების განმავლობაში იბრძოდა, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დიდი ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა შრომითა და ოფლით მოპოვებული უნიკალური კოლექცია შესაფერისად ყოფილიყო დაცული და მოვლილი.
ზაზა ალექსიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არაა სათანადოდ შეფასებული და დაფასებული, ეს მომავლის საქმეა. ბოლოს გთავაზობთ ამონარიდს ბატონი ზაზას სიტყვიდან, რომლითაც მან 2002 წელს მიმართა ქართველ მეცნიერებს, რადგანაც აქ ძალიან კარგად ჩანს, მისი ცხოვრებისეული და პროფესიული პრინციპები:
„… მნიშვნელოვანი სამეცნიერო თეორიები და აღმოჩენები, საერთოდ სისხლსავსე სამეცნიერო ცხოვრება არამარტო შედეგია კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებისა, არამედ თვითონაც უწყობს ხელს ამ ცივილიზაციის შეუფერხებელ განვითარებას. მთელი თავისი ისტორიის მანძილზე და ყოველგვარ პირობებში საქართველო ახერხებდა ყოფილიყო აქტიური მონაწილე ამ პროცესისა. მე ვუსურვებდი ჩემს ქვეყანას მომავალ და შემდგომ წლებში თავისი გაუფრთხილებელი მოქმედებით არ ამოვარდნილიყო ამ ფერხულიდან, არ აღმოჩენილიყო თანამედროვე ცივილიზაციის შემოქმედთა გარეშე.
…. ტყუილად არ ამბობენ, რომ მეცნიერი არის არა ის, ვისაც სურს იყოს მეცნიერი, არამედ ის, ვისაც არ შეუძლია არ იყოს მეცნიერი…….ტალანტის გამოვლენა ყოველთვის ლამაზია, იქნება ეს მეცნიერებაში, ხელოვნებაში თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მე ვუსურვებ ჩვენს საზოგადოებას მომავალშიც არ მოჰკლებოდეს ან თავისი დაუფიქრებელი მოქმედებით თვითონ არ მოიკლოს, ასეთი სილამაზით ტკბობის შესაძლებლობა.“
ასე სწამდა, ასე იცხოვრა და იშრომა, წავიდა სრულად ვალმოხდილი საკუთარი საქმისა და იდეალების წინაშე.