საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მოხსენება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მოხსენება

  • დეკემბერი 29, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრეზიდიუმის სხდომაზე საჯარო მოხსენებით წარსდგა, რომელიც საქართველოსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის მრავალწლიანი, მდგრადი და სტრატეგიული სამეცნიერო კოლაბორაციის ჩამოყალიბების ისტორიულ საფუძვლებს, ათწლეულების მანძილზე კვლევითი ურთიერთობების განვითარებას, დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს მიეძღვნა. პრეზიდიუმის სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.

პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, პროტოპრესვიტერი, სასულიერო სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საჯარო მოხსენებით გამოსვლისას განიხილა ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ჩამოყალიბების ისტორიული კონტექსტი, გლობალური მასშტაბით ფუნდამენტური კვლევების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მეცნიერების დიპლომატიის განვითარებაში მისი უნიკალური როლი, ასევე ისაუბრა CERN-ის, როგორც მსოფლიო კვლევითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობის შესახებ თანამედროვე ცივილიზაციის პროგრესისთვის.

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ვრცლად მიმოიხილა CERN-ის სამეცნიერო ეკოსისტემაში ქართული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობის ევოლუცია 1960-იანი წლებიდან დღემდე, ყურადღება გაამახვილა მათ ინსტიტუციურ მონაწილეობაზე მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო მიმართულებებში, ისაუბრა ქართველ მეცნიერთა წვლილზე CERN-ში მიმდინარე ისეთ უმნიშვნელოვანეს ექსპერიმენტებში, როგორებიცაა CMS, ATLAS და ShiP.

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, 2023 წელს, სტუ-სა და თსუ-ის ჩართულობით  საქართველო-CERN-ს შორის გაფორმდა ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ამჟამად საქართველოს CERN-ში წარმოადგენს ქართველი მეცნიერი, სტუ-ის კვანტური ფიზკისა და საინჟინრო ტექნოლოგების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ხოლო 2024 წელს სტუ-სა და CERN-ს შორის „მომავლის წრიული კოლაიდერის“ (Future Circular Collider) კვლევითი ინიციატივის ფარგლებში გაფორმდა სამეცნიერო პარტნიორობის ახალი, უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია 2040-2045 წლებში. რექტორის თქმით, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რეგიონში ამ მასშტაბის სამეცნიერო ხელშეკრულება ჯერ მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არის გაფორმებული, რაც გზას უხსნის ქართულ სამეცნიერო პოტენციალს უმსხვილეს მეგაპროექტებში ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გამოსვლის ბოლოს, შეჯამების მიზნით განაცხადა, CERN-თან მრავალწლიან უწყვეტ თანამშრომლობასა და ხელშესახებ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ შედეგებთან ერთად, იმ ქმედითი მხარდაჭერის საფუძველზე, რომელიც ქართულ სამეცნიერო-აკადემიურ ინსტიტუციებს აქვთ საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახისძისგან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრ გივი მიქანაძისგან, უკვე ჩამოყალიბებულია ობიექტური წინაპირობები ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) საქართველოს ასოცირებულ წევრად მიღების საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად. დავით გურგენიძის განცხადებით, CERN-ის ასოცირებული წევრობა საქართველოსთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე უნიკალური შესაძლებლობა, რითაც ქვეყანას საშუალება მიეცემა სრულფასოვნად, სისტემურად და ინსტიტუციური პასუხისმგებლობით ჩაერთოს როგორც ფუნდამენტური ფიზიკის უახლეს კვლევებში, ისე გამოყენებითი ფიზიკისა და საინჟინრო მეცნიერებების მაღალტექნოლოგიურ მიმართულებებში.

აკადემიკოს დავით გურგენიძის საჯარო მოხსენება და მასში წამოჭრილი საკვანძო საკითხები, როგორც ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების საუკეთესო საშუალება, მაღალ დონეზე შეაფასეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და აკადემიკოსებმა. CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობის შესახებ საკითხის დაყენების თაობაზე მოსაზრებები გამოთქვეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ. როგორც შეხვედრაზე საჯარო მოხსენების ავტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, სასურველი და აუცილებელია, რომ აღნიშნულ პროცესებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია წარმომადგენლობითად და აქტიურად იყოს ჩართული.