მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

  • თებერვალი 14, 2026

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ 2015 წლის 22 დეკემბერს „გაერომ“ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია მეცნიერებით დაინტერესებული ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა. საქართველოს მართლაც არაერთი გამორჩეული და გამოჩენილი ქალი მეცნიერი ჰყავს, რომლებმაც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ ასახელეს.

2026 წლის 11 თებერვალს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა გამოჩენილ მეცნიერ ქალთა და გოგონათა აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. ღონისძიებას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე,  საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი და სხვ.

ბატონმა გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ეს დღე და მეცნიერების სფეროს განვითარებაში ქალთა ფასდაუდებელ წვლილზე ისაუბრა.

თავის გამოსვლაში ბატონმა ვლადიმერ ბოჟაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიზანშეწონილია წავახალისოთ ქალი მეცნიერები და პარლამენტის წევრები მათ ყოველმხრივ მხარს უჭერენ.

აღსანიშნავია, საქართველოს ქალთა საბჭო, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი აქტიურად თანამშრომლობს აკადემიასთან და ყოველმხრივ ხელს უწყობს ქალ მეცნიერებს.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ აკადემიკოსი რამაზ შენგელია და წევრ-კორესპონდენტი ნანა ბოლაშვილი.

2026 წლის 11 თებერვალს, გაეროს მიერ დაწესებულ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე­მიის საპა­ტიო სიგელით დაჯილდოებულ იქნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში წარმატებული 13 მეცნიერი ქალბატონი.