ნაპოლეონი და მისი ხელისუფლება
- თებერვალი 17, 2026
მიმდინარე წლის 10 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა სხდომა, რომელზეც მოხსენება – „ნაპოლეონი და მისი ხელისუფლება“ წარმოადგინა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრმა ივანე მენთეშაშვილმა. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. ღონისძიებას აკადემიის წევრებთან ერთად ესწრებოდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, სასულიერო აკადემიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე.
მომხსენებელმა აღინიშნა, რომ საფრანგეთის რევოლუციამ თითქოსდა უარყო გმირები, ზურგი აქცია მათ, როგორც მოვლენას.
ნაპოლეონმა სხვადასხვა ასპარეზზე ძალზე თავისებური გზა გაკვალა და ბევრი სიახლე შემოიტანა. ამ მხრივ არც ეს, ძალაუფლების სფერო იყო გამონაკლისი. მისი სახელმწიფო იყო იმპერიის აბსოლუტურად ახალი ტიპი, რომლის ქვეშევრდომებს უზრუნველყოფილი ჰქონდათ თანასწორობა კანონის წინაშე, სარწმუნოებრივი შემწყნარებლობა, აღმსარებლობის თავისუფლება, ცივილიზაციის მიღწევებთან სრული ზიარების საშუალება და სადაც დაწინაურება, მატერიალური კეთილდღეობა თუ სულიერი განვითარება დამოკიდებული იყო არა წარმომავლობაზე, გვარისშვილობაზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პირად ნიჭზე, შრომასა და უნარზე.
მომხსენებელის თქმით, – იყო რა სამხედრო, ნაპოლეონი იმავდროულდ ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ნებისმიერი ძალაუფლება ხალხიდან მომდინარეობს. „მე უზენაესი ძალაუფლება მომენიჭა ხალხის გადაწყვეტილებით და მე ვერ ვირწმუნებ, რომ მას კვლავ სჯერა მის მიერ არჩეულის, სანამ ჩემი უფლებამოსილება მთელი ერის დასტურს არ მიიღებს.“ ამიტომაც მის სამუდამო კონსულობას და იმპერატორად გამოცხადებას წინ პლებისციტები უსწრებდნენ. ნაპოლეონი გამუდმებით ხაზს უსვამდა სამოქალაქო ფაქტორის უპირატესობას სამხედროსთან შედარებით. არათუ კონსულობის, არამედ იმპერიის ხანაშიც კი არ არსებობდა სამხედრო კასტის მსგავსი ორგანო, რომელიც ყველაფერს, პოლიტიკით დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული გააკონტროლებდა. ნაპოლეონის საფრანგეთში არაფერი იყო ისეთი, რაც შეიძლება შედარებული იყოს ლათინური ამერიკის სამხდერო-დიქტატორულ რეჟიმებს. ნაპოლეონი იყო გენერალი, სარდალი და საერთოდ, სამხედრო პირი მხოლოდ ომის დროს, ბრძოლის ველზე. ლაშქრობის დაწყებიდან და დამთავრებამდე. მშვიდობიან ხანაში იგი სახელმწიფო მოღვაწე, სამოქალაქო პირი იყო. ფიცი, რომელიც მან წარმოთქვა როდესაც იმპერატორის გვირგვინს იდგამდა, წარმოადგენდა დაპირებების მთელ კრებულს, რომელიც ხაზს უსვამდა საიმპერატორო ძალაუფლების შეზღუდვას და მის რესპუბლიკურ ხასიათს. ძალზე საყურადღებო იყო ფიცის დასასრული და თავად ნაპოლეონის ტიტული „ნაპოლეონი ბონაპარტი, საფრანგეთის რესპუბლიკის იმპერატორი ღვთის მადლითა და კონსტიტუციის წყალობით.“
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონი ერის საყოველთაო მეთაური იყო, იგი მაინც ვერ გაიგივდება კლასიკურ აღმოსავლურ დესპოტთან, რომელიც ტრადიციულად განყენებული სიდიადის სახეს ქმნის და ასევე წარმოჩნდება ქვეშევრდომთა შორის თავისებური ღმერთკაცის სახით. ნაპოლეონი სრულიად იყო დამოკიდებული საკუთარ თავზე, საკუთარ უნარზე გამარჯვებები მოეპოვებინა, ქვეშევრდომები მოეხიბლა. იგი ხალხზე იყო დამოკიდებული, მის აზრსა და შეფასებაზე. მას არაერთხელ დაუმარცხებია სხვა მეფეები, მაგრამ მათ რეპუტაციას ამით არაფერი დაკლებია. ამ მხრივ ნაპოლეონი საგანგებო მოვლენა იყო. იგი საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული. მისი გამარჯვებები ყველას ხიბლავდა, განსაკუთრებით უბრალო ხალხს; მათ გულებს. ამიტომაც იყო, რომ 100 დღის მიწურულს უბრალო პარიზელები ასე თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდნენ მის გადადგომას. ნაპოლეონის პოპულარობას მოსახლეობაში და მშრომელი ხალხის მისდამი სიმპატიების დასტურს ისიც წარმოადგენს, რომ 1818-1819 წწ. საფრანგეთში ადგილი ჰქონდა უბრლაო ხალხის გამოსვლებს ლოზუნგით: „ძირს ბურბონები! გაუმარჯოს იმპერატორს!“ და ამისათვის მათ ციხეშიც კი უკრავდნენ თავს.
ასეთი ფაქტების ფონზე ნაპოლეონი წარმოსდგებოდა როგორც თავისებური სახალხო ბელადი, პროლეტართა მეფე, რომელიც თავის ხალხთან ერთად იჯდა საიმპერატორო ტახტზე და მისი გულის საამებლად თავის მისაღებში სხვა მეფეებს ამცირებდა. ეს შეფასება ეკუთვნის ნაპოლეონის თანამედროვეს და მოწინააღმდეგეს, ცნობილ მწერალს, პოლიტიკოსს, ულტრა-როიალისტ შატობრიანს. გოეთე ნაპოლეონს უწოდებდა რევოლუციას, რომელიც საიმპერატორო გვირგვინით იყო შემკული. გარკვეულწილად მას შეიძლება მოქალაქე- იმპერატორიც კი ეწოდოს.
„ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ნაპოლეონის, ჯერ როგორც პირველი კონსულის და მერე როგორც იმპერატორის მმართველობა მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეიძლება ცალსახად მიეკუთვნოს დიქტატურას ან მონარქიას. ნაპოლეონი აქაც წარმოჩინდება როგორც საგანგებო, თავისებური მოვლენა. და სწორედ ამიტომ მის მმართველობას სპეციფიკური, მისთვის დამახასიათებელი სახელი ერგო – ბონაპარტიზმი. ხელისუფლების ეს ტიპი ხასიათდება როგორც ერთპიროვნული მმართველობა, რომელსაც ხალხის ფართო ფენების მხარდაჭერა აქვს, ან იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება ძლიერ, ცენტრალიზებურ რეჟიმს, ერონულ თანხმობას, იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და საზოგადოებრივ თანასწორობას, პიროვნების და მისი საკუთრების ხელშეუხებლობას“, – აღნიშნა, თავის მოხსენებაში ბატონმა ივანე მენთეშაშვილმა.
უაღრესად საინტერესო მოხსენების დასასრულს დამსწრე საზოგადოებიდან შეკითხვები დასვეს: პროფესორმა პაატა სურგულაძემ, აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ და მირონ ფირცხელანმა.
სხდომა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა შეაჯამა.













