კოსმოსური ტექნიკის და სამხედრო-საინჟინრო, სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური დარგების განვითარება საქართველოში

კოსმოსური ტექნიკის და სამხედრო-საინჟინრო, სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური დარგების განვითარება საქართველოში

  • თებერვალი 22, 2026

მიმდინარე წლის 18 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „კოსმოსური ტექნიკის და სამხედრო-საინჟინრო, სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური დარგების განვითარება საქართველოში“, გამოვიდა აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი. მოხსენებაში განხილული იყო ელგუჯა მეძმარიაშვილის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: კოსმოსური და მიწისზედა სპეციალური დანიშნულებისა და სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები და კომპლექსები; ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორია: საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისთვის საინჟინრო მომზადება; საბრძოლო მოქმედებების  სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფა და სამხედრო თეორია.

ამ მხრივ, 1981-1989 წლებში „საიდუმლო“, „სრულიად საიდუმლო“ და „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ სამთავრობო დადგენილებებით, გადაწყვეტილებებით და ბრძანებებით ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის კოსმოსური და მიწისზედა ავტონომიური კომპლექსები, რომლებიც აგებული იყო დიდი ზომის გასაშლელი რეფლექტორული ანტენების ბაზაზე.

ელგუჯა მეძმარიაშვილი ასევე უშუალოდ მონაწილეობდა „ღია ლიტერატურაში“ გამოქვეყნებულ კოსმოსურ პროგრამებში. მათ შორის: ორი, შეწყვილებული, წრიული გასაშლელი კონსტრუქცია „კრაბის“ შექმნაში, რომელიც განხორციელდა 1989 წელს კოსმოსურ ხომალდ „პროგრეს 40-ზე“ და 14,5-მეტრიანი ასაწყობი კონსტრუქციის საბაზო ნაწილის შექმნაში, რომელიც ორბიტულ სადგურ „მირზე“ აიგო 1991 წ.

მას შესრულებული აქვს მინისტრთა საბჭოს სამხედრო-სამრეწველო კომისიის სხვა მრავალი გადაწყვეტილება, მონაწილეობდა „ვარსკვლავთომების“ ‒ „СОИ“ საბჭოთა პროგრამის რეალიზაციაში.

მისი სამეცნიერო და საპროექტო კონცეფციით, სამხედრო-სამრეწველო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში აშენდა კოსმოსური ნაგებობების აგებისა და სრულმასშტაბიანი გამოცდების უნიკალური სასტენდო კომპლექსი საგურამოში და ბორჯომის რაიონის მთიან ზონაში აიგო მიწისზედა ტრანსფორმირებადი ნაგებობების ექსტრემალურ პირობებში გამოცდების პოლიგონი (1983-1989).

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ რეალიზებულ სამუშაოებში უმნიშვნელოვანესია პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი „რეფლექტორი“, რომელიც ღია კოსმოსურ სივრცეში, ორბიტულ სადგურზე 1999 წ. 23-28 ივლისს წარმატებით გაიშალა, გამოიცადა და შემდეგ მოძრაობა გააგრძელა დამოუკიდებელ, დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე. საქართველოში ყოველი წლის 23 ივლისი, როგორც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა, დაწესდა “პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ”. ამასთან, ობიექტის კოსმოსში გაყვანა და ორბიტაზე წარმატებული გამოცდა, როგორც ფაქტი და მოვლენა შეტანილია კოსმონავტიკის ისტორიულ ქრონიკათა ჩამონათვალში; საქართველომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის აღსანიშნავად გამოსცა საფოსტო მარკები.

აღსანიშნავია გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ შექმნილი: თავდაცვითი დანიშნულების და ექსტრემალური პირობების მობილური, სწრაფად ასაგები 48-მეტრიანი სიგრძის სამხედრო ხიდი; საქართველოს სამგანზომილებიანი სამხედრო-საინჟინრო რუკა; საქართველოს ტერიტორიის და მასზე განლაგებული სამხედრო-საინჟინრო ობიექტების  კატალოგები; სახელმწიფო, სამხედრო-საინჟინრო და მიზნობრივი პროგრამები; სპეციალური რაიონების მაღალი სიზუსტის კოსმოსური გადაღებების მონაცემთა ციფრული ბანკი და სხვა.

განსაკუთრებულია ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით 1995-2025 წლებში, კომპანიების და ორგანიზაციებისათვის შესრულებუყლი სამეცნიერო და ტექნოლოგიური სამუშაოები: „Daimler Bens Aerospace” – გერმანია, “Alenia Aerospazio” – იტალია,“მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი’’, ევროპული კოსმოსური სააგენტო – ESA და „EOS Data Analytics” – აშშ კონტრაქტებით, მათ შორის, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ტენდერში გამარჯვებული პროექტი (2001), ახალი თაობის დიდი ზომის გასაშლელი კოსმოსური ევროპული რეფლექტორული ანტენების შესაქმნელად.

ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ ჩატარებული სამუშაოების წარმატება აღინიშნა ევროპული კოსმოსური საააგენტოს ოფიციალურ დოკუმენტებში, გამოცემებში და საერთაშორისო კონფერენციების მასალებში, მათ შორის აღსანიშნავია, რომ: თანამედროვე, დიდი ზომის გასაშლელი, კოსმოსური რეფლექტორული ანტენების შექმნაში პრიორიტეტულად მიჩნეული, პანტოგრაფული რგოლის კონსტრუქციები ‒ რგოლური არქიტექტურა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები ჩაისახა და განვითარდა, ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში, ელგუჯა მეძმარიაშვილის ლიდერობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბჭოთა კოსმოსური პროგრამებისთვის.

მომხსენებლის მიერ ასევე დამუშავდა ტრანსფორმირებადი კოსმოსური რეფლექტორების გასაშლელი რგოლის ძირითადი სტრუქტურული სქემები, რომლებიც მსოფლიოს მრავალი კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორული ანტენების პროექტებსა და რგოლურ კონსტრუქციებშია გამოყენებული.

დაძაბულობით ინტეგრირებული ვანტურ-ღეროვანი სისტემები და მისი კონცეფციები, გასაშლელი, კოსმოსური რეფლექტორული ანტენების შესაქმნელად პირველად იქნა შემოთავაზებული და გამოყენებული ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ, მოგვიანებით კი Comet Ingenieria-ს მიერ.

ESA-ს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო იყო მეოთხე სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებისა, რუსეთისა და იაპონიის შემდეგ, რომელმაც შეძლო ორბიტაზე გაეყვანა დიდგაბარიტიანი გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორი, რომლის გენერალური კონსტრუქტორია ელგუჯა მეძმარიაშვილი.

ამასთანავე ESA-ს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ‒ საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში, პირველად მსოფლიოში, ლაბორატორიულ პირობებში, ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა და გამოცდა ჩაუტარდა 30 მეტრი დიამეტრის, გასაშლელ კოსმოსურ რეფლექტორს და ეს ფაქტი ჯერჯერობით ერთადერთია მსოფლიოში.

აღსანიშნავია,  რომ ახალი თაობის ევროპული, გასაშლელი, დიდგაბარიტიანი ანტენის, LDA-ს კოსმოსური პროგრამის შესრულება, რომელიც პირველად ESA-ს მიერ 2001 წელს გამოქვეყნებული ტენდერის საფუძველზე, სამრეწველო კონცეფციით დაიწყო კომპანია Thales Alenia Space of Itali-მ, კომპანია „Energia. Georgian Politeqnical Intelect. Space“‒EGS-მა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და სერგეი კოროლიოვის სახელობის სარაკეტო-კოსმოსურმა კორპორაცია „ენერგიამ“, მცირე ცვლილებების გარდა, დიზაინით ძირითადად ემთხვევა ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ შექმნილ კოსმოსური ობიექტის კონსტრუქციას, რომელიც ორბიტულ სადგურ „მირზე“ გამოიცადა.

2002 წელს, კემბრიჯში გაიმართა მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენცია კოსმოსური ტექნიკის დარგში. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო კონფერენციის ლოგოდ მიჩნეულ იქნა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გამოსახულება ორბიტაზე ფრენის დროს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ელგუჯა მეძმარიაშვილს საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის გრიფით „საიდუმლო“ და „სრულიად საიდუმლო“, გამოქვეყნებული აქვს 375-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები: Трансформируемые конструкции в космосе и на земле; საქართველოს სამხედრო-საინჟნრო დოქტრინის საფუძვლები; Novel Approach to Indirect of Military Theory; სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი; სამეცნიერო სტატიები და გამოგონებები. ასევე მიღებული აქვს ევროკავშირისა  და აშშ-ის პატენტები. მისი მონოგრაფიები განთავსებულია ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში – British Library, ბავარიის ბიბლიოთეკაში – Bavaria State Library, გერმანიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში – N.B.G. და სხვაგან.

მისი სამეცნიერო სამუშაოების ბაზაზე შეიქმნა ახალი დისციპლინა „ტრანსფორმირებადი ნაგებობები“, რომელიც 2009 წლიდან, როგორც ძირითადი საგანი იკითხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2011 წელს, საქართველოში პირველად, აამოქმედა სადოქტორო პროგრამა სამხედრო მეცნიერების დარგში. ელგუჯა მეძმარიაშვილი ასევე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ დაარსებული სამხედრო ჟურნალის − „სამხედრო მეცნიერება. საქართველო“ − რედაქტორი (2016-იდან).

აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის ინტერვიუ პრაიმ ტაიმთან.